სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. უწყების ცნობით, მიმდინარე წლის 30 იანვარს, ტელეკომპანია „პირველმა“ გელა კვაშილავა ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გადატანაში დაადანაშაულა, ასევე, გამოაქვეყნა მისი სურათი, მიუხედავად იმისა, რომ სიუჟეტის ავტორს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტმა განუმარტა, რომ არასწორ ინფორმაციას ფლობდა.
„საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს ათეულის მეთაურმა – გელა კვაშილავამ ტელეკომპანია „პირველის“ მიერ მის შესახებ გავრცელებული ცრუ და დაუსაბუთებელი ინფორმაციის გამო თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი მიმდინარე წლის თებერვალში შეიტანა.
სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე კვაშლავას ინტერესების დამცველის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები უტყუარად სცნო, შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ გელა კვაშილავას შემხებლობა არ ჰქონდა ნარკოტიკების ტრანსპორტირებასთან, ტელეკომპანია „პირველმა“ კი იცოდა, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაცია იყო არასწორი და საზოგადოება შეგნებულად შეიყვანა შეცდომაში“, – აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ტელეკომპანია „პირველი“ სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.