weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ 112 ათასი ლარით დააჯარიმა

19:28 ხუთშაბათი, 25 ნოემბერი 2021

კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ 112 000 ლარით დააჯარიმა. კომისია აცხადებს, რომ ტელეკომპანიამ 17 და 18 ნოემბერს, არაწინასაარჩევნო პერიოდში, ეთერში განათავსა პოლიტიკური რეკლამა - სამი ვიდეორგოლი, რისი უფლებაც არ ჰქონდა. ერთ-ერთი ვიდეო მოძრაობა „სირცხვილიას“ მიერ არის დამზადებული.

„მთავარი არხის“ იურისტის, თამთა მურადაშვილის განცხადებით, კომისიამ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო, რომელსაც სასამართლოში გაასაჩივრებენ.

„ის, რაც დღეს მოხდა, არის კატასტროფა. ჩათვალეთ, რომ პუტინი ოფიციალურად არის ჩვენს ქვეყანაში, პუტინის პოლიტიკა ტარდება ჩვენს ქვეყანაში. მარეგულირებელ კომისიას მუხრუჭი აღარ აქვს. პირდაპირ ასრულებენ პუტინის რუსეთის რეჟიმის, ამ ხელისუფლების დავალებებს და მათი განზრახვაა თავისუფალი სიტყვის საბოლოოდ მოკვლა - ან პირდაპირ დაგვხურონ, ან ისეთი ჯარიმები დაგვაკისრონ, რომ ფინანსურად მოგვახრჩონ“, – განაცხადა მურადაშვილმა.

„სირცხვილიას“ წევრის, ნოდარ რუხაძის თქმით, კომუნიკაციების კომისია სამოქალაქო აქტივისტებს კრიტიკული აზრისა და მისი თავისუფლად გამოხატვისთვის სჯის.

„კომისიის წევრებს ვალდებულება გაქვთ, ემსახუროთ მოქალაქეებს, დაიცვათ ჩვენი გამოხატვის თავისუფლება, როდესაც ზღუდავენ და თქვენ თვითონ არ უნდა გახდეთ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი მექანიზმი, რომელსაც მმართველი პარტია გამოიყენებს. სირცხვილია, როდესაც 2021 წელს ამაზე ვსაუბრობთ და ცდილობთ დამოუკიდებელი მედიასაშუალების შეზღუდვას, სანქცირებას და სამოქალაქო აქტივისტების შეზღუდვას“, – აღნიშნა რუხაძემ.

„კანონმდებლობის დარღვევით გავრცელებულ ერთ ვიდეორგოლში ნაჩვენებია პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფოტო, რომელსაც აწერია #თავისუფლებამიშას, რასაც მოსდევს საქართველოს პენიტენციური სამსახურის იმ ხელმძღვანელი პირებისა და მოსამართლეების ფოტოები, რომელთაც შეხება ჰქონდათ სააკაშვილის საქმესთან მისი დაპატიმრების შემდეგ და თითოეული ფოტოს ბოლოს ისმის სიტყვა - „კლავს“, აღნიშნული სიტყვა წერილობით ისახება ეკრანზე, ვიდეორგოლის ბოლოს კი ისმის მოწოდება: „გაათავისუფლე მიხეილ სააკაშვილი“.

მეორე ვიდეორგოლში წარმოდგენილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მინისტრთა კაბინეტის, საქართველოს პრეზიდენტის, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების“ ლიდერების, დეპუტატის, თბილისის მერის მიერ სააკაშვილის პატიმრობასთან და შიმშილობასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებებიდან ამონარიდები და თითოეული განცხადების ბოლოს ისმის ხმა - „კლავს“, ვიდეორგოლის ბოლოს ისმის მოწოდება „უთხარი მკვლელებს არა“, „#თავისუფლებამიშას“.

მაუწყებლის ეთერში ასევე განთავსებულია ვიდეორგოლი, სადაც „ქართული ოცნების“ პარტიის წევრების ფოტოები პარტიის სიმბოლიკისა და „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის მუსიკის ფონზე არის წარმოდგენილი ეკრანზე, ხოლო კლიპის დასასრულს, როდესაც ისმის სიმღერა „ჩემი საქართველო აქ არის“ მათი ფოტოები რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სახის კონტურში ერთიანდება და ეწერება „სირცხვილია“, – აცხადებს კომუნიკაციების კომისია.

კომუნიკაციების კომისია მოუწოდებს ყველა მაუწყებელს, დაიცვან კანონმდებლობა და არაწინასაარჩევნო პერიოდში არ განათავსონ ეთერში პოლიტიკური რეკლამა, რადგან აღნიშნულს მოქმედი კანონმდებლობა კრძალავს. როგორც კომისია აცხადებს, მისი მიზანი არ არის მაუწყებლისთვის ფინანსური სანქციის დაკისრება.

„კომისიის მიზანია დაიცვას კანონი და მოახდინოს კანონდარღვევის პრევენცია, მათ შორის სამართალდამრღვევთა სანქცირებით“, – აცხადებს კომისია.

მათივე ინფორმაციით, ანალოგიური სამართალდარღვევისთვის „მთავარი არხი“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკვე იყო დაჯარიმებული, რის გამოც ჯარიმის ოდენობა წლიური შემოსავლის 1%-ით განისაზღვრა. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]