weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მოსამართლის ეს გადაწყვეტილება არ საჩივრდება - პროკურატურა ზვიადაურზე

22:25 ორშაბათი, 29 ნოემბერი 2021
ფოტოზე - მოსამართლე მამუკა წიკლაური ფოტოზე - მოსამართლე მამუკა წიკლაური

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლის, მამუკა წიკლაურის მიერ, დღეს მიღებული გადაწყვეტილება, პატიმრობიდან ზურაბ ზვიადაურის განთავისუფლების შესახებ, არ საჩივრდება და უწყება მოკლებულია შესაძლებლობას, ზემდგომ სასამართლო ინსტანციას მიმართოს.

„2021 წლის 29 ნოემბერს, თელავის რაიონულ სასამართლოში ზურაბ ზვიადაურისა და ჯაბა ჯანგირაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, ჩატარდა წინასასამართლო სხდომა, რა დროსაც მოსამართლე მამუკა წიკლაურმა განიხილა ზურაბ ზვიადაურისა და ჯაბა ჯანგირაშვილის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის ძალაში დატოვების აუცილებლობის საკითხი. სრულიად მოულოდნელად, მოსამართლემ ზურაბ ზვიადაურისა და ჯაბა ჯანგირაშვილის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი შეცვალა.

საქართველოს პროკურატურისთვის გაუგებარია, თუ რას დაეფუძნა და რა გარემოებებით იხელმძღვანელა თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მამუკა წიკლაურმა. ბრალდების მხარე, სასამართლო პროცესზე სრულიად დასაბუთებულად ითხოვდა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ძალაში დატოვებას და აპელირებდა რეალურ საფრთხეებზე, რაც თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში დაკავშირებულია ბრალდებულთა მიერ შესაძლო ახალი დანაშაულის ჩადენასთან და მოწმეებზე ზემოქმედებასთან. მიუხედავად ამისა, მოსამართლის მიერ ზემოხსენებული გარემოებები არ იქნა მხედველობაში მიღებული, რის გამოც განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 50 000 ლარიანი გირაოთი, ხოლო მეორე ბრალდებულს (ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვა, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია) 5000 ლარიანი გირაოთი შეუცვალა. აღსანიშნავია, რომ წინასასამართლო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება არ საჩივრდება და ამიტომ მოკლებული ვართ შესაძლებლობას აღნიშნული გადაწყვეტილება გავასაჩივროთ ზემდგომ ინსტანციაში.

ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ მოსამართლის აღნიშნული გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი და მის მიერ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება არ ემსახურება აღკვეთის ღონისძიების მიზნების შესრულებას“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

16 აგვისტოს, საღამოს, წინანდლის ტყეში ორმხრივი სროლის შედეგად 3 ადამიანი მოკლეს - ზვიად ზვიადაური (ზურაბ ზვიადაურის ძმა), ვასილ ცოცხალაშვილი და ნიკა კენჭოშვილი. დაიჭრნენ ზვიად მაისურაძე და ანზორ შამრელაშვილი.

სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, ე.წ. მუხიანის ტერიტორიაზე, დაახლოებით 11 საათზე, ზვიად მაისურაძეს ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა ვახტანგ კვანტალიანთან, რაც გადაიზარდა ჩხუბში, რაშიც ჩაერთნენ ზვიად მაისურაძის ახლობლები - იქ მყოფი ჯაბა ჯანგირაშვილი, ლევან მაისურაძე და სხვები. ჩხუბით განაწყენებულმა ჯაბა ჯანგირაშვილმა მომხდარის შესახებ აცნობა მეგობარ ზვიად ზვიადაურს და სთხოვა დახმარება. ვახტანგ კვანტალიანი 17:00 საათისთვის დაიბარეს ჩხუბის მიზეზის გასარკვევად. დათქმულ დროს მითითებულ ადგილზე მივიდნენ ზვიად ზვიადაური, ვასილ ცოცხალაშვილი, ანზორ შამრელაშვილი და სხვები, ასევე, ზვიად ზვიადაურის ძმა ზურაბ ზვიადაური.

ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც ორმხრივი სროლა მოჰყვა. ვასილ ცოცხალაშვილმა ჯაბა ჯანგირაშვილის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რა დროსაც დაპირისპირებაში მონაწილე ნიკა კენჭოშვილის მხრიდან საპასუხო სროლის შედეგად ვასილ ცოცხალაშვილი და ზვიად ზვიადაური ადგილზე გარდაიცვალნენ, ხოლო ზვიად მაისურაძე და ანზორ შამრელაშვილი სხეულის სხვადასხვა არეში დაიჭრნენ. მომხდარი დაპირისპირებისას, ასევე კონფლიქტში მონაწილე ზურაბ ზვიადაურმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის დროს სასიკვდილოდ დაჭრა ნიკა კენჭოშვილი.

18 აგვისტოს პროკურატურამ ზურაბ ზვიადაურს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო ჯაბა ჯანგირაშვილს 238-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვა, რითაც შეიქმნა პირობა მისი სხვა პირის მიერ გამოყენებისათვის, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია), რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]