weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

ზუგდიდში ერთ-ერთმა მოშიმშილე დევნილმა პირი ამოიკერა

13:07 სამშაბათი, 30 ნოემბერი 2021
ფოტო © ლაივპრესი ფოტო © ლაივპრესი

ზუგდიდის ყოფილი რაიონული საავადმყოფოს ეზოში მოწყობილ ფარდულში აფხაზეთიდან დევნილი ოთხი ადამიანი შიმშილობს და სახელმწიფოსგან ბინით უზრუნველყოფას ითხოვს. ადგილობრივი გამოცემა „ლაივპრესის“ ინფორმაციით, ერთ-ერთმა მოშიმშილემ, 63 წლის ქეთევან ინალიშვილმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა.

„აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს ვთხოვთ, ამოიღეთ ხმა და დადექით მართალი დევნილების გვერდით. ბატონო პრემიერო, გთხოვთ, გამოყოთ კომისია და შეისწავლეთ ჩვენი გაუსაძლისი მდგომარეობა“, – აცხადებენ დევნილები, რომლებიც უკვე მე-11 დღეა შიმშილობენ და არ აპირებენ პროტესტის შეწყვეტას მანამ, ვიდრე ბინით არ დაკმაყოფილდებიან. 

პროტესტის მონაწილეებმა შიმშილობა მას შემდეგ დაიწყეს, რაც ცნობილი გახდა, რომ ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე აშენებულ საცხოვრებელ კომპლექსში ბინას 600 დევნილი ოჯახი (2000-ზე მეტი მოქალაქე) მიიღებდა. მათ ბინები შაბათს, 27 ნოემბერს გადაეცათ. მოშიმშილე დევნილებმა „ლაივპრესს“ განუცხადეს, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა სამინისტრომ უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო, რადგან 30 წელია ბინის მოლოდინში არიან და სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში, ყოფილი რაიონული საავადმყოფოს ეზოში ცხოვრობენ. გალიდან დევნილი ჯემალ ბაძაღუა ამბობს, რომ არაერთხელ დაჰპირდნენ, რომ მათ, როგორც მძიმე პირობებში მყოფებს, ახალი ფართით დააკმაყოფილებდნენ, თუმცა ამჯერადაც იმედგაცრუებული დარჩნენ. 

მოშიმშილეების პროტესტის საპასუხოდ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში აცხადებენ, რომ დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ თითოეული ოჯახის საკითხი ღიად და გამჭვირვალედ, გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად განიხილა.

„ზუგდიდში, გასაჩივრების კომისია რამდენიმე დღის განმავლობაში მუშაობდა. კომისიის წევრები ინდივიდუალურად შეხვდნენ ყველა იმ დევნილ ოჯახს, რომელთაც ბინების განაწილების პროცესთან დაკავშირებით შეკითხვები გააჩნდათ. კომისიამ იხელმძღვანელა არსებული კანონმდებლობით, თითოეულ დევნილ ოჯახს განემარტა, თუ რატომ ვერ მოხდა ამ ეტაპზე მათი ახალი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება და შესაბამისად, მათთვის ეს მიზეზები ცნობილია. ამ ეტაპისთვის, ზუგდიდში, დევნილთა საცხოვრებელი კიდევ ორი ნგრევადი შენობა დაიხურა“, – განაცხადეს სააგენტოში. 

27 ნოემბერს, ბინების გადაცემის ღონისძიებაზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა გიორგი გუგუჩიამ თქვა, რომ ბინებით დაკმაყოფილების პროგრამა გაგრძელდება მანამ, სანამ უკანასკნელი დევნილი ოჯახი არ იქნება ბინით უზრუნველყოფილი.

Livepress.ge

სამეგრელოს რეგიონის ახალი ამბების პორტალი. ინტერნეტგამოცემა livepress.ge მკითხველს აფხაზეთის ამბებსაც აცნობს. სააგენტო ინფორმაციას ქართულ, აფხაზურ და რუსულ ენებზე ავრცელებს. გამოცემას ააიპ „მედია ფონდი“ ამუშავებს.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]