როგორც ექიმმა ჟურნალისტებთან განაცხადა, გუშინ, სასამართლო პროცესის შემდეგ პაციენტი იყო ძალიან დაღლილი და დაისვენა.
„წნევა იყო სტაბილური, ნორმაში. სასამართლო პროცესის შემდეგ, გუშინ ჩატარდა კლინიკური ლაბორატორიული გამოკვლევები და ანალიზები ნორმაშია. დღეს დილას აღენიშნებოდა პატარა სისუსტე, მაგრამ მხნედ არის. რაც შეეხება კვების რაციონს, გადავედით პირველ მაგიდაზე, გაფართოებულ კვებაზე, გარკვეული პროდუქტების გამონაკლისით.
მკურნალობა მიდის სრული სპექტრით, გამოკვლევები ტარდება თითქმის ყოველდღიურად ან დღეგამოშვებით და ყველა მონაცემები ნორმის ფარგლებშია.
მდგომარეობა აბსოლუტურად სტაბილურია და რეანიმაციულ ჩარევას არ საჭიროებს. უბრალოდ, კონტრაქტი გვქონდა რეანიმატოლოგებთან და ჯერჯერობით ჩვენთან არიან“, – განაცხადა ნინო გოგორიშვილმა.
ჟურნალისტების კითხვაზე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, შეძლებს თუ არა სააკაშვილი 2 დეკემბერს, სასამართლო პროცესზე დასწრებას, ექიმმა თქვა, რომ ამაზე საუბარი ჯერ ადრეა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში 19 ნოემბერს, შიმშილობის 50-ე დღეს გადაიყვანეს. 8 ნოემბრიდან ის გლდანის N18 მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფებოდა. გორში გადაყვანის შემდეგ ექსპრეზიდენტმა შიმშილობა შეწყვიტა და ახლა რეაბილიტაციას გადის.