weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

არ გამოვრიცხავ, გამკაცრდეს ყველა ღონისძიება, რომელიც მწვანე პასპორტს ეხება – ტიკარაძე

10:22 პარასკევი, 03 დეკემბერი 2021

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, არ არის გამორიცხული, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მნიშვნელოვნად გაამკაცროს ყველა ღონისძიება, რომელიც შეეხება მწვანე პასპორტს და აღსრულების მექანიზმებს. მისივე თქმით, შესაძლოა უვადო კოვიდ-პასპორტის საკითხიც გადაიხედოს. 

„საქართველოც უკვე ზრუნავს იმაზე, რომ ახალი შტამისთვის გარკვეული მზაობა გამოაცხადოს, დამატებითი პრევენციული ღონისძიებები მიიღოს. გუშინ შეიკრიბა კოვიდ-საბჭო, რომელიც მოქმედებს ჯანდაცვის სამინისტროში და განიხილავს ვაქცინაციის ეფექტურობის და ასევე, ვაქცინაციის გეგმის შესახებ სტრატეგიებს. ვიმსჯელეთ ახალი შტამის პირობებში რომელი ტესტირება იქნებოდა უფრო ეფექტური, დავრჩებით სწრაფ ტესტებზე თუ მხოლოდ PCR ტესტი იქნება მისაღები იმისთვის, რომ ადამიანი იქნეს მწვანედ აღიარებული. 

საუბარი იყო ტესტირების ვადებზე, ვინაიდან მსოფლიოში უკვე საუბრობენ, რომ PCR ტესტის 72-საათიანი ვალიდურობა შესაძლოა არ იყოს საკმარისი ახალი შტამის შემთხვევაში და შესაძლოა ეს დრო იყოს დათქმული 48 საათად. ჩვენი პროფესიონალები და ექსპერტები მოამზადებენ დასკვნას, რომელსაც სამშაბათს წარვადგენთ საბჭოზე, მივიღებთ დამატებით გადაწყვეტილებებს და არ გამოვრიცხავ, რომ მნიშვნელოვნად გამკაცრდეს ყველა ის ღონისძიება, რომელიც შეეხება მწვანე პასპორტს და ასევე, სხვა აღსრულების მექანიზმებს. 

რა თქმა უნდა, შეიძლება კოვიდ პასპორტის ვადაც გადაიხედოს, ვინაიდან სამედიცინო პრაქტიკაზე დაყრდნობით, ჩვენ გარკვეულ რისკებს ვხედავთ, რომ ეს უვადო იყოს.

საბჭოზე წარვადგენთ ამ რისკებს და რისკების გათვალისწინების შემთხვევაში, იმედს ვიტოვებთ, ეს დამატებითი რეკომენდაციები საბჭოს მხრიდან გათვალისწინებული იქნება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

ჟურნალისტის შეკითხვას, მხოლოდ მასზე რომ იყოს გადაწყვეყტილების მიღება დამოკიდებული, უნდა სარგებლობდნენ თუ არა წელიწად-ნახევრის წინ კოვიდგადატანილი ადამიანები უვადო მწვანე პასპორტით, ტიკარაძემ უპასუხა:

„მე ისევ მივუბრუნდები მეცნიერებაზე დაყრდნობილ მტკიცებულებებს. ჩვენ არ გვაქვს მტკიცებულებები, რომ ადამიანები, რომლებსაც წელიწად-ნახევრის წინ აქვთ კოვიდი გადატანილი, დღესაც არიან რეზისტენტული, თუმცა ასევე არ გამოვრიცხავ, რომ შემდეგი ერთი წლის მანძილზე მეცნიერებმა აღმოაჩინონ და შემდეგ უკვე დაამტკიცონ ის, რომ კოვიდგადატანილებს ყველაზე უფრო მდგრადი იმუნიტეტი აქვთ. ამ ეტაპზე ეს ასე არ მტკიცდება. ყველაზე მდგრადი იმუნიტეტი ადამიანს ვაქცინაციის შემდეგ აქვს და ასევე დამტკიცა, რომ აუცილებლად საჭიროა „ბუსტერ“ დოზა. გარდა ამისა, ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ახალი შტამის გამოჩენის შემდეგ მეცნიერები საუბრობენ იმაზე, რომ შეიძლება დავადგინოთ, რომ სავალდებულოა ოთხი ვაქცინა და გამოვრიცხოთ „ბუსტერ“ დოზა, ჩაითვალოს, რომ ადამიანი სრულად ვაქცინირებულად ითვლება ვაქცინის ოთხი დოზის გაკეთების შემდეგ. ეს ყველაფერი ძალიან ცვლადია“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ამ ეტაპისთვის, საქართველოში მოქალაქეს მწვანე სტატუსი მიენიჭება იმ შემთხვევაში თუ ის აკმაყოფილებს შემდეგი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს: არის სრულად ვაქცინირებული; გადატანილი აქვს Covid-19 და ვირუსის დადასტურებიდან გასულია 14 დღე; ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი; ჩატარებული აქვს 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]