weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სააკაშვილის კადრების გამო იუსტიციის სამინისტრო 500, პენიტენციური კი 2000 ლარით დაჯარიმდა 

15:07 სამშაბათი, 07 დეკემბერი 2021

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და იუსტიციის სამინისტროს მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების მოპოვებისა და გასაჯაროების კანონიერების შესწავლა დაასრულა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაადგინა, რომ იუსტიციის სამინისტრომ და სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევით გაავრცელა მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემები:

  • ინფორმაცია სააკაშვილის მიერ პენიტენციური დაწესებულების მაღაზიაში შეძენილი და მოხმარებული პროდუქტებისა (ნატურალური წვენების, თაფლის) და მისი კვების რაციონის შესახებ;
  • სააკაშვილის მიერ სამედიცინო პუნქტში საკვების მიღების ფაქტების ამსახველი ვიდეოჩანაწერი და გარკვეული საკვები დანამატების ამსახველი ფოტომასალა;
  • მიხეილ სააკაშვილის მიერ N12 პენიტენციური დაწესებულების დატოვებისა და მისი N18 პენიტენციურ დაწესებულებაში შესახლების ამსახველი ვიდეოჩანაწერი;
  • N12 პენიტენციური დაწესებულებიდან N18 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანისას რეანომობილში განვითარებული მოვლენების ამსახველი აუდიო-ვიდეოჩანაწერი .

სახელმწიფო ინსპექტორმა გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის დამძიმების თაობაზე ინფორმაციის გავრცელების ფონზე, საზოგადოებაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიმართ ინტერესი ნამდვილად არსებობდა. თუმცა, საჯარო ინტერესის საგანს წარმოადგენდა არა მის მიერ პენიტენციური დაწესებულების მაღაზიაში შეძენილი და მიღებული პროდუქტების სახეობა და რაოდენობა, არამედ ინფორმაცია ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. სახელმწიფო ინსპექტორმა ყურადღება გაამახვილა იმ შედეგებზეც, რაც აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებას მოჰყვა, კერძოდ მიხეილ სააკაშვილმა უკან დააბრუნა შეძენილი პროდუქტები და შეწყვიტა საკვები დანამატების მიღება. 

„სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ვერ უზრუნველყო მასთან დაცული ინფორმაციის კონფიდენციალურობა, ვინაიდან მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ, პოლიტიკური განცხადებების ფარგლებში, გაჟღერებული ინფორმაცია ემთხვეოდა სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მიერ ციხის მაღაზიაში შეძენილი პროდუქტების შესახებ დაცულ ინფორმაციას“, – აღნიშნულია სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებაში. 

სახელმწიფო ინსპექტორმა გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ, საზოგადოებისთვის მიწოდებული ინფორმაციის შინაარსმა, რომ მიხეილ სააკაშვილი იღებდა საკვებს, რომელიც არ იყო სამედიცინო დანიშნულების, საზოგადოების ნაწილში შექმნა მცდარი აზრი მისი მოჩვენებითი შიმშილობის შესახებ, მაშინ როდესაც, საპირისპირო დასტურდება სამედიცინო დოკუმენტებით.

„ამ დროისთვის, მიხეილ სააკაშვილს შიმშილობა შეწყვეტილი არ ჰქონდა და კონსილიუმის წევრების მიერ გაცემული რეკომენდაციის საფუძველზე, იგი სამედიცინო პუნქტში, ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების პრევენციის მიზნით, ექიმების მეთვალყურეობით, იღებდა სხვადასხვა სახის წვენებსა და პიურეებს. 

შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის მიერ საკვები დანამატების მიღების შესახებ, ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდება, იმ მნიშვნელოვანი დეტალის გარეშე, რომ აღნიშნული ხორციელდებოდა ექიმთა კონსილიუმის რეკომენდაციით, ვერ იქნება მიჩნეული კანონიერად

მით უფრო, იმ წინასწარ განჭვრეტადი შედეგის გათვალისწინებით, რაც გამოიწვია არაზუსტი ინფორმაციის გავრცელებამ - მოშიმშილე პირმა უარი განაცხადა ყოველგვარი საკვები დანამატის მიღებაზე, რამაც შექმნა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების საფრთხე.

პაციენტის შესახებ ასეთი ინფორმაციის გავრცელება, ერთი მხრივ, საფრთხეს უქმნის მოშიმშილე პატიმრის ჯანმრთელობას და მეორე მხრივ, აყალიბებს უნდობლობას პაციენტსა და სამედიცინო მუშაკს შორის, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპია სათანადო მომსახურების გასაწევად“, – კითხულობთ გადაწყვეტილებაში.

სახელმწიფო ინსპექტორის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის მიერ სამედიცინო პუნქტში საკვების მიღების ფაქტების ამსახველი ვიდეოჩანაწერი და გარკვეული საკვები დანამატების ამსახველი ფოტომასალა არ მიუთითებდა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რაც ობიექტურ დამკვირვებელს დაარწმუნებდა პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის ან სამედიცინო მომსახურების ხარისხში. 

„ბუნდოვანია, რა კანონიერ მიზანს ემსახურებოდა სამედიცინო ოთახში ექიმის მეთვალყურეობით, კონსილიუმის რეკომენდაციის შესრულების ამსახველი ფაქტებისა და ფოტომასალის გასაჯაროება. ამასთან, ფოტოსურათისა და ვიდეოჩანაწერის გასაჯაროება იმ კონტექსტში, რომ ეს წარმოადგენდა მიხეილ სააკაშვილის მიერ საკვების მიღების ამსახველ უტყუარ მტკიცებულებას, იმ ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდების გარეშე, რომ მათი მიღება იყო რეკომენდირებული ექიმების მიერ და ნებადართული შიმშილობის დროს, აჩენდა მიხეილ სააკაშვილის მიერ მოჩვენებითი შიმშილობის განცდას, რა, არ წარმოადგენდა ობიექტურ ინფორმაციას.

სამედიცინო ოთახში მოხვედრილ პირს, სამედიცინო ხასიათის პერსონალური მონაცემების განსაკუთრებული ხასიათის გათვალისწინებით, აქვს ასეთ სივრცეში გაკეთებული ვიდეოჩანაწერის ფართო საზოგადოების ხელმისაწვდომობისაგან დაცულობის სამართლიანი მოლოდინი. გარდა ამისა, პირის ფოტო-ვიდეოგამოსახულება განსაკუთრებით არის დაცული პირადი ცხოვრების უფლებით. შესაბამისად, ლეგიტიმური მიზნის არსებობის პირობებშიც, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დამაკმაყოფილებელი მდგომარეობის შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება შეეძლო პირადი ცხოვრების სხვა, ნაკლებ შემზღუდავი საშუალებით.

ვიდეოჩანაწერში მიხეილ სააკაშვილი ასახულია პრივატულ ფორმაში. ფოტოსურათზე კი, როგორც სპეციალური პენიტენციური სამსახურის განმარტავს, ასახულია მის მიერ მიღებული საკვები დანამატები - გარკვეული ხილფაფები და პიურეები, რომლებიც საზოგადოებაში ფართოდ გამოიყენება ბავშვთა საკვების სახით. ამ გარემოებებისა და იმის გათვალისწინებით, რომ ინფორმაციის გავრცელების ფორმა და შინაარსი საზოგადოებაში ქმნიდა არასწორ განცდას მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის მოჩვენებითი ხასიათის შესახებ, ინფორმაციის გასაჯაროება უნდა შეფასდეს მოშიმშილე პირის ღირსების შელახვად“, – აღნიშნავს სახელმწიფო ინსპექტორი. 

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის N18 დაწესებულებებში გადაყვანის ამსახველი კადრების გასაჯაროებას, სახელმწიფო ინსპექტორმა გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ N12 პენიტენციური დაწესებულების დატოვების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გასაჯაროება იმის დემონსტრირებისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილმა ნამდვილად საკუთარი ნებით დატოვა დაწესებულება, ვერ ჩაითვლება კანონიერად, ვინაიდან საპირისპირო დასტურდება შემოწმების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებებით, მათ შორის N18 პენიტენციურ დაწესებულებაში მისი იძულებით შესახლებისა და რეანომობილში გადაღებული აუდიო-ვიდეოჩანაწერების დათვალიერებით. შესაბამისად, ბუნდოვანია რა ლეგიტიმურ მიზანს ემსახურებოდა და რატომ იყო აუცილებელი ამ სახის ინფორმაციის გავრცელება.

N18 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის იძულებით შესახლების კადრების გასაჯაროებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო ინსპექტორმა განმარტა, რომ მისი პოლიტიკური სტატუსის, ცნობადობის, მის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის, ვიდეოჩანაწერის შინაარსისა (პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს იგი ხელში აწეული, იძულებით გადაჰყავთ წელს ზემოთ შიშველ მდგომარეობაში) და გასაჯაროების წინასწარ განჭვრეტადი შედეგების (აღნიშნული კადრები გავრცელდა მედიაში (და არა მხოლოდ საქართველოში) გათვალისწინებით, მისი ამგვარ ფორმაში და ვითარებაში ფართო საზოგადოებისთვის წარდგენა, უნდა იქნას მიჩნეული მონაცემთა სუბიექტის ღირსების შემლახავი ფორმით მონაცემების დამუშავებად.

„ღირსების უფლება განამტკიცებს იმგვარ წესრიგს, რომელშიც მთავარი ღირებულება არის ადამიანი. ადამიანის ღირსების დაცვა არის ის, რაც უპირობოდ ეკუთვნის ყველა ადამიანს სახელმწიფოსაგან.

კონფლიქტი ღირსების უფლებით დაცულ სიკეთესა და კონსტიტუციით დასაცავ ნებისმიერ სხვა ღირებულ ინტერესს შორის, იმთავითვე და უპირობოდ უნდა გადაწყდეს ადამიანის ღირსების სასარგებლოდ. შესაბამისად, რეანომობილის პენიტენციური დაწესებულების კორპუსთან გაჩერების, მიხეილ სააკაშვილის მიერ სამედიცინო ტექნიკის დაზიანებისა და დაწესებულების თანამშრომლების მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტების დემონსტრირებისთვის, მონაცემთა სუბიექტის ღირსების შემლახავი ჩანაწერის გასაჯაროება და ამ ფორმით საზოგადოების ინფორმირება, ვერ იქნება განხილული კანონიერი მიზნით მონაცემების დამუშავების შემთხვევად, ასევე, რაიმე ლეგიტიმური მიზნის, მათ შორის, საზოგადოებრივი ინტერესის დაკმაყოფილებისათვის გამოყენებულ პროპორციულ და ადეკვატურ საშუალებად.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ კანონიერი მიზნის მიღწევის თანაზომიერ და ადეკვატურ საშუალებად არ იქნა მიჩნეული ასევე რეანომობილში გადაღებული აუდიო-ვიდეოჩანაწერის გასაჯაროება, მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ აუდიო-ვიდეოგადაღების თაობაზე მიხეილ სააკაშვილი არ იყო ჯეროვნად ინფორმირებული. რეანომობილში მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა ექიმების დაკვირვების ქვეშ, სადაც მონაცემთა დაცულობის მოლოდინი ბევრად მაღალია“, – აცხადებს სახელმწიფო ინსპექტორი.

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე იუსტიციის სამინისტრო 500 ლარით დაჯარიმდა, ხოლო სპეციალური პენიტენციური სამსახური 2000 ლარით იმის გამო, რომ ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენას ჰქონდა ადგილი. 

ამასთან, იუსტიციის სამინისტროს და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს დაევალათ სოციალური ქსელ „ფეისბუქის“, ასევე, ოფიციალური ვებგვერდებიდან მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერებისა და აუდიო-ვიდეო ჩანაწერის წაშლა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]