weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

გერმანიის პროკურატურა ხანგოშვილის მკვლელისთვის სამუდამო პატიმრობას ითხოვს 

23:41 ოთხშაბათი, 08 დეკემბერი 2021
ფოტოზე - ზელიმხან ხანგოშვილი ფოტოზე - ზელიმხან ხანგოშვილი

გერმანიის ფედერალური პროკურატურა საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებული 56 წლის ვადიმ კ.-სთვის სამუდამო პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. გამოცემა Deutsche Welle-ს ინფორმაციით, ამის შესახებ ბრალდების მხარემ ბერლინის სასამართლოში განაცხადა.

გენერალური პროკურორის ნიკოლაუს ფორშნერის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ მკვლელობა რუსეთის სამთავრობო უწყებების ბრძანებით, პოლიტიკური მოტივით იქნა ჩადენილი და ვადიმ კ. რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურისთან არის დაკავშირებული.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული ბერლინში საფრანგეთისა და პოლონეთის გავლით, ვადიმ სოკოლოვის სახელზე გაცემული ყალბი პასპორტით ჩავიდა, ხანგოშვილის ადგილსამყოფელს მიაგნო და მოკლა. ვადიმ კ. თვითმხილველებმა ნახეს, სამეთვალყურეო კამერებმა გადაიღეს და მისი მარშრუტი ტელეფონში ნაპოვნი SIM ბარათის გამოყენებით აღადგინეს.

ბერლინში სასამართლო სხდომები თითქმის 14 თვეა გრძელდება, რა დროსაც 50-მდე მოწმე გამოიკითხა. Deutsche Welle-ს ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ საქმეზე განაჩენი წლის ბოლომდე გამოცხადდება. 

ეთნიკურად ჩეჩენი ზელიმხან ხანგოშვილი პანკისის ხეობიდან იყო. ის ჩეჩნეთის მეორე ომში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა. გერმანიის პროკურატურის წარმომადგენლის თქმით, ამის გამო, ზელიმხან ხანგოშვილი მოსკოვის მხრიდან განიხილებოდა როგორც მტერი და მისი ლიკვიდაცია მოხდა.

ხანგოშვილი საქართველოდან გერმანიაში 2015 წელს, მასზე განხორციელებული მორიგი თავდასხმის შემდეგ გაემგზავრა და თავშესაფარს ითხოვდა. ის 2019 წლის 23 აგვისტოს ბერლინის ერთ-ერთ პარკში მოკლეს. სავარაუდო მკვლელი – რუსული პასპორტის მიხედვით, ვადიმ სოკოლოვი – იმავე დღეს დააკავეს. ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, ვადიმ სოკოლოვი სინამდვილეში ვადიმ კრასიკოვია, რომელსაც რუსეთის მოქალაქის ყალბი პასპორტი რუსეთის სპეცსამსახურებისგან ჰქონდა. 

2015 წლის 28 მაისს თბილისის ცენტრში ზელიმხან ხანგოშვილზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმა ამ დრომდე არ არის გამოძიებული. 

 

ამ თემაზე:

ხანგოშვილის მკვლელობის უკან FSB-ს ჯგუფია – ჟურნალისტური გამოძიება

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]