ადვოკატ კახა კოჟორიძის განცხადებით, დღევანდელ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. მოსარჩელე მხარე არ ეთანხმება მოსამართლის განმარტებას, რომ ქიბარ ხალვაში ტელეკომპანიის კეთილსინდისიერი შემძენია.
„არ არის საჭირო იურისტობა იმის მისახვედრად, რომ ქიბარ ხალვაში არცერთ შემთხვევაში კეთილსინდისიერ შემძენად არ შეიძლება ჩათვლილიყო. რატომ? მარტივად ავხსნი: ხალვაში ჩვენებაში ამბობს, რომ არასდროს შეხვედრია აქიმიძე-დვალს, მასთან არ უწარმოებია ტელეკომპანიის ნასყიდობაზე მოლაპარაკებები, არ ყოფილა „რუსთავი 2“-ში, არ შეუფასებია ტელეკომპანია და რაც მთავარია, ნასყიდობის საფასური მისცა ირაკლი ოქრუაშვილს, 4 მილიონი დოლარი ივანე მერაბიშვილს – „რუსთავი 2“-ის ნასყიდობის საფასური მისცა მაღალი პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირებს. როგორ შეიძლება ადამიანი, მყიდველი ჩაითვალოს კეთილსინდისიერად, თუკი თანხას ტელეკომპანიის დამფუძნებელს კი არ უხდის, რომელმაც ვითომ გაყიდეს ეს ტელეკომპანია, არამედ უხდის შს მინისტრს“, – განაცხადა კოჟორიძემ.
2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს და მის კომპანიას, „პანორამას“ მიაკუთვნა. ტელეკომპანიის მაშინდელმა მფლობელებმა ძმებმა ყარამანიშვილებმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართეს და საქართველოს სახელმწიფოსთვის ამ გადაწყვეტილების აღსრულების აკრძალვა მოითხოვეს. მომჩივანი მხარე აცხადებდა, რომ „რუსთავი 2“-ის წილების საკუთრებასთან დაკავშირებით დავის განხილვის დროს მათი უფლებები დაირღვა. 2019 წლის 18 ივლისს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გამოცხადდა. სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი არ ჰქონია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლების დარღვევას. ამასთან, მან გააუქმა 2017 წლის მარტში მიღებული დროებითი ღონისძიება. შესაბამისად, ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშის საკუთრებაში გადავიდა.
2019 წლის ოქტომბერში სასამართლოს მიმართეს „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლებმა, ჯარჯი აქიმიძემ და დავით დვალმა. ისინი აცხადებენ, რომ 2004 წელს, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის შედეგად, თავიანთი 30-30%-იანი წილები იძულებით დათმეს. ისინი სამართლიანობის აღდგენას და სწორედ ამ 60%-იანი წილის დაბრუნებას ითხოვდნენ ხალვაშისგან.
2015-2017 წლებში, საქართველოს სასამართლოებში გამარჯვების შემდეგ, ქიბარ ხალვაში აცხადებდა, რომ დვალსა და აქიმიძეს 50%-იან წილს გადასცემდა, როგორც წინა ხელისუფლებისგან დაზარალებულ აქციონერებს. დღემდე „რუსთავი 2“-ის 60%-იან წილს ხალვაში ფლობს, ხოლო 40%-ს – მისსავე საკუთრებაში არსებული შპს „პანორამა“.