„სამწლიანი საკმაოდ ინტენსიური საქმიანობის შემდეგ, გავლილი კონსულტაციების შედეგად, როგორც პრემიერთან და ახლა უკვე პარტიის თავმჯდომარესთან, სწორ გადაწყვეტილებად მივიჩნიეთ, რომ შემდეგი ჩემი საქმიანობა გავაგრძელო პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში და სწორედ აქედან გავამყარო და გავაძლიერო ქართული ჯანდაცვის და სოციალური დაცვის სისტემები.
მიგვაჩნია, რომ იმ პროექტებით, რომლებიც იქნა დაწყებული და განხორციელებული, უკვე დაიხურა განვითარების გარკვეული ეტაპი, ჩვენ გადავდივართ ახალ ეტაპზე და ამ ეტაპზე საქართველოს შევუერთდები პარტიიდან“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ტიკარაძემ მინისტრობის პერიოდში განხორციელებულ საქმიანობაზე ისაუბრა და ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩემთვის ჯანდაცვის მინისტრობა იყო ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. განვლილ პერიოდში ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ გადაგვედგა ღირსეული და სწორი ნაბიჯები. ჩვენი ყველა ქმედება და გადაწყვეტილება მიმართული იყო ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეების ჯანმრთელობის საუკეთესო გამოსავლების მისაღწევად. მიუხედავად, იმისა, რომ იყო რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება ქვეყანაში და მთავარი სამიზნე იყო პანდემიასთან ბრძოლა, სამინისტრომ განახორციელა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
ტიკარაძე ჯანდაცვის მინისტრად 2019 წლის 18 ივნისს დაინიშნა. 2015 წლის სექტემბრიდან ის საჩხერის რაიონული საავადმყოფოს და მისი მმართველი არასამეწარმეო პირის, „დოსტაქარის“ დირექტორი იყო.