„მედიის თავისუფლების მდგომარეობის შეფასების თვალსაზრისით, შემაშფოთებელია ის საფრთხის შემცველი და მტრული გარემო, რაც ჟურნალისტების მიმართ ქვეყანაში ბოლო პერიოდის განმავლობაში არსებობს და განსაკუთრებით 2021 წელს ქონდა ადგილი“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
2021 წლის სახალხო დამცველმა კრიტიკული მედია საშუალებების წარმომადგენელთა მიმართ ფიზიკური თავდასხმის ათობით შემთხვევა აღრიცხა
„აქ არ იგულისხმება მხოლოდ 5 ივლისის მოვლენები. სამწუხაროდ, ჩვეულ პრაქტიკად ჩამოყალიბდა პოლიტიკური თანამდებობის პირთა მხრიდან ჟურნალისტების, განსაკუთრებით კი კრიტიკული მედიის წარმომადგენელთა მიმართ ცინიკური/აგდებული დამოკიდებულება და მათი დისკრედიტაციისკენ მიმართული განცხადებები.
5 ივლისის მოვლენები ასევე ცხადყოფს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არა მხოლოდ ვერ აღკვეთა ჟურნალისტებისა და ზოგადად მოქალაქეების მიმართ ძალადობა, რამაც მათი ჯანმრთელობა და სიცოცხლე რეალური საფრთხის ქვეშ დააყენა, არამედ, მეტიც, მაღალი თანამდებობის პირთა დისკრიმინაციულმა განცხადებებმა აღნიშნული ძალადობა წააქეზა.
2021 წლის 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეების თავდასხმების შედეგად 45 ჟურნალისტს და ოპერატორს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
მისივე თქმით, 5 ივლისს მომხდარ ძალადობრივ ფაქტებთან მიმართებით პროკურატურას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და წახალისების ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა არცერთი პირის მიმართ არ დაუწყია, მიუხედავად იმისა, რომ საჯაროდ გავრცელებული მტკიცებულებები სულ მცირე ორი პირის მიმართ შესაბამისი ბრალის წარდგენის სტანდარტს აკმაყოფილებს.