weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საქართველოს ეკლესიის სინოდურმა კომისიამ დეკანოზ ილია ჭიღლაძეს მღვდელმოქმედება აუკრძალა

19:28 პარასკევი, 10 დეკემბერი 2021

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდურმა კომისიამ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეპარქიაში მყოფ დეკანოზ ილია (ირაკლი) ჭიღლაძეს მღვდელმოქმედება აუკრძალა. საკითხი საბოლოო გადაწყვეტილებისთვის წმინდა სინოდის სხდომას წარედგინება.

როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური განმარტავს, ​სინოდურმა კომისიამ გადაწყვეტილება რამდენიმე თვის წინ მიიღო, მაგრამ დღემდე არ გამოქვეყნებულა, „რადგან რჩებოდა იმედი, რომ დეკანოზ ილია ჭიღლაძის კომენტარები კორექტულ ფარგლებს დაუბრუნდებოდა, თუმცა ამ ხნის განმავლობაში მისი გამონათქვამები კიდევ უფრო გამძაფრდა“.

საპატრიარქოს განცხადებით, დეკანოზი ილია ჭიღლაძე წმინდა სინოდისა და ცალკეული სასულიერო პირების მიმართ მასმედიის საშუალებით პერმანენტულად აკეთებს შეურაცხმყოფელ განცხადებებს, რომელთა შესწავლა სინოდურ კომისიას დაევალა .

„ამა წლის 3 მარტს გამართულმა სინოდურმა კომისიამ მოისმინა მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრის, მთავარეპისკოპოს ზენონის (იარაჯული) პოზიცია დეკანოზ ილია ჭიღლაძის ქმედებებთან დაკავშირებით. ამის საფუძველზე, მთავარეპისკოპოს ზენონს კომისიამ მიმართა თხოვნით, ახსნა-განმარტებისთვის გონივრულ ვადაში (კომისიის დასკვნიდან არა უგვიანეს სამი თვისა) უზრუნველეყო დეკანოზ ილია ჭიღლაძის გამოცხადება საქართველოს საპატრიარქოში სინოდური კომისიის წინაშე. აღნიშნულთან დაკავშირებით, მთავარეპისკოპოსმა ზენონმა ამა წლის 14 მაისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისადმი გამოგზავნილ წერილში დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომ: „მიზანშეწონილი იქნებოდა სინოდური კომისია დაუკავშირდეს უშუალოდ დეკანოზ ილია ჭიღლაძეს და პირადად აცნობოს გამოძახებისა თუ სხვა ღონისძიებათა შესახებ“, რითაც მთავარეპისკოპოსმა ზენონმა თავი აარიდა სინოდური კომისიის ზემოაღნიშნულ თხოვნას.

ამის გათვალისწინებით, სინოდური კომისიის წევრების მხრიდან აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეპარქიის მმართველ მღვდელმთავართან, მთავარეპისკოპოს ზენონთან (იარაჯული) კომუნიკაციის შემდეგ, ამა წლის 25 ივნისს გამართულ სხდომაზე კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დეკანოზი ილია (ირაკლი) ჭიღლაძე ერთი თვის ვადაში გამოცხადებულიყო საქართველოს ეკლესიის სინოდურ კომისიაზე, რის შესახებაც მას გაეგზავნა შეტყობინება კომისიის სახელით. თუმცაღა, დეკანოზი ილია ჭიღლაძე არ გამოცხადდა მითითებულ ვადებში საქართველოს საპატრიარქოს სინოდურ კომისიაზე და არც რაიმე სახის განმარტება გააკეთა აღნიშნულთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია ისიც, რომ დეკანოზი ილია (ირაკლი) ჭიღლაძის მხრიდან ზემოთ აღნიშნული ქმედებები 11 თებერვლის სინოდური განჩინების, ასევე 3 მარტისა და 25 ივნისის სინოდური კომისიის განჩინებების შემდეგაც არ შეწყვეტილა. შესაბამისად, საქართველოს საპატრიარქოს სინოდური კომისიის ამა წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეპარქიაში მყოფ მღვდელმსახურს, დეკანოზ ილია (ირაკლი) ჭიღლაძეს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებისა და სასულიერო პირებისადმი მასმედიაში გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებების, ასევე სინოდურ კომისიაზე არასაპატიო მიზეზით არგამოცხადების გამო, მოციქულთა 55-ე, 56-ე და 74-ე კანონების საფუძველზე, განეჩინა ყოველგვარი მღვდელმოქმედების აკრძალვა და მიეცა დრო სინანულისთვის“, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

დეკანოზ ილია ჭიღლაძის შეფასებით 30 ივლისის გადაწყვეტილების 10 დეკემბერს გამოქვეყნება ნიშნავს, რომ საპატრიარქო არათუ დროს არის აცილებული, არამედ ადეკვატურობასაც. მისი თქმით, მანაც დღეს გაიგო, რომ მღვდელმოქმედების უფლება შეჩერებული აქვს.

„რა თქმა უნდა, არ მიკვირს საპატრიარქოს კლანისგან არაფერი, ისინი ელემენტარულ კანონიკას და წესიერებას აცდენილნი არიან. მოყვანილი სამი კანონიდან მესამე, მოციქულთა 74-ე კანონი მე კი არ მეხება, ეხება ეპისკოპოსებს (ერთი ეპისკოპოსის მიერ მეორე ეპისკოპოსის ბრალდებას) და ამჟამად პირდაპირ ესადაგება მცხეთა-თბილისის ეპისკოპოს ილია მეორეს, რომელიც ბრალდებულია მიტროპოლიტ პეტრეს მიერ და მან თავი არ იმართლა საეკლესიო საკრებო სასამართლოზე. 

აი, საეკლესიო კანონიკის ასეთი უმეცრები არიან მოკალათებულნი საპატრიარქოში. ეს იმიტომ, რომ დიდი სჯულისკანონი ტოტალურად უარყოფილი და დარღვეულია მათ მიერ და მხოლოდ კრიტიკული პოზიციის ჩასახშობად ახსენდებათ და სჭირდებათ ის. 

სახეზეა ტოტალიტარიზმი და რეპრესიული რეჟიმი საქართველოს საბჭოთა ფორმირების ეკლესიაში, რომელიც სახელად მართლმადიდებლურია, შინაარსით საბჭოურ-სტალინისტურ-კრემლისტური.

საპატრიარქოს დღევანდელ განცხადებაში არის ასევე სიცრუე, რომ თითქოს 25 ივნისის ჩვენს წერილზე (მოსაყდრე შიოს და დეკ. ბოტკოველის ხელმოწერილი და სამარცხვინო კორექტული შეცდომით გამოგზავნილი ივლისის ნაცვლად, რომ ივნისი ჩაწერეს) არ გვიპასუხაო, ვუპასუხე საჯაროდ და მასმედიაშიც გავრცელდა, გეხსომებათ. 

რაც შეეხება სინანულს, სინანული ყოველ ადამიანს სჭირდება, მაგრამ უპირველეს ყოვლისა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უკანონო მმართველებს მათი ანტიქრისტიანული, ანტისახარებისეული და ანტიკანონიკური საქმიანობისათვის, რამაც სრულად გახრწნა ჩვენი საპატრიარქო და იერარქია, მრევლის ცნობიერება და სულიერი მდგომარეობა“, – აცხადებს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]