„იყო ლაპარაკი, რომ ფსიქოტროპული მედიკამენტების დოზა გაზრდილი აქვს, რომ შეუსაბამობაშია ის დოზა, რომელსაც იღებს. ჩვენ შევისწავლეთ ეს საკითხი, დავეკითხეთ ექიმებსაც, ვნახეთ დანიშნულება. ის იღებს რამდენიმე ფსიქოტროპულ მედიკამენტს, მაგრამ, მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ იყო ზოგიერთი კონსულტანტის მცდელობა, დოზები გაზრდილიყო, ადგილობრივ ექიმებს არ გაუზრდიათ. ოთხი ფსიქოტროპული მედიკამენტიდან, რომელსაც ჯამში იღებს, ორი არის ერთი და იგივე ჯგუფის და ჩვენ აღვნიშნეთ, რომ არ არის აუცილებელი. სამი საჭიროა, ნორმალური დოზებით არის, ანუ ფსიქოტროპული დოზების მომატებას ჩვენ ვერ ვუკავშირებით მის მძიმე ფსიქო-ნევროლოგიურ მდგომარეობას.
ეს მდგომარეობა გამოწვეულია იმით, რომ მას აქვს ტიპიური პოსტტრავმული სტრესული დაავადება. არსებობს ასეთი დაავადება, რომელსაც ადამიანი იძენს სტრესის, წამების შედეგად.
იმას, რაც მან გადაიტანა, რასაც დაემთხვა 50-დღიანი შიმშილი, ჩვენ პირველ დასკვნაშიც დავწერეთ, რომ მედიკამენტოზური მკურნალობის და კვების განახლების გარდა, სერიოზული ფსიქო-ნევროლოგიური რეაბილიტაცია სჭირდებოდა. ფსიქო-ნევროლოგების ჩართვა საჭირო იყო უკვე მაშინ, როდესაც ჩვენ ის გლდანის N18 დაწესებულებაში მოვინახულეთ“, – განაცხადა გიორგი გრიგოლიამ.
ექიმის თქმით, მიხეილ სააკაშვილის რეაბილიტაციის პროცესი, მედიკამენტოზური მკურნალობის და კვების მხრივ, მეტ-ნაკლებად ნორმალურად მიმდინარეობს, თუმცა დღეს პირველ ხაზზე გამოსულია ფსიქო-ნევროლოგიური აშლილობა, რომლიც სტრესის შედეგია და რომლის მკურნალობა არ დაწყებულა 21 დღის განმავლობაში, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფება.
გიორგი გრიგოლიას თქმით, მიხეილ სააკაშვილს სასწრაფო ფსიქო-ნევროლოგიური რეაბილიტაცია სჭირდება, რაზეც ექიმების ჯგუფის დასკვნაშიც გამახვილდება ყურადღება.
„ამას სჭირდება გადაუდებელი, სასწრაფო მკურნალობა იმიტომ, რომ, ერთი მხრივ, ეს უკვე გვაძლევს ძალიან მძიმე შედეგებს და მეორე მხრივ, დაუყოვნებლივ თუ არ დაიწყო მკურნალობა, შეისაძლოა შეუქცევად პროცესებში გადაიქცეს, რაც მიგვიყვანს ფსიქო-ნევროლოგიურ მოშლილობასთან“, – განაცხადა გრიგოლიამ.
ექიმმა აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალშიც სტრესის ქვეშ იმყოფება, რადგან ბადრაგების გარემოცვაშია, ჩაკეტილია ოთახში და არ აქვს სეირნობის საშუალება.
რამდენიმე დღის წინ ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელმა, მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში ფსიქოტროპული პრეპარატი ჰქონდა დანიშნული, რაც შიმშილობის დროს დაუშვებელი იყო. ჯიშკარიანის თქმით, ადგილი ჰქონდა პრეპარატის ჭარბ და არაადეკვატურ გამოყენებას, რამაც ნეიროლეფსიური სინდრომი გამოიწვია.
„ჩვენთვის გაუგებარია, რატომ იყო ეს პრეპარატი გამოყენებული და პრაქტიკულად, ცენტრი „ემპათია“ რომ არ ყოფილიყო, შესაძლებელია მისი მდგომარეობა გაუარესებულიყო და სასამართლზე წარდგენის საშუალება არ ჰქონოდა. ამგვარი პრეპარატების არამიზნიბრივი გამოყენება გავრცელებუყლი იყო საბჭოთა კავშირში, როდესაც დისიდენტებს სპეციალურ დიაგნოზებს უსვამდნენ და ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში ათავსებდნენ“, – აცხადებდა მარიამ ჯიშკარიანი და აღნიშნავდა, რომ ფსიქოტროპული წამლების არამიზნობრივი გამოყენება ფარმაკოლოგიურ წამებას წარმოადგენს.