„გიორგი კალანდაძე ე.კ.-ს თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და წამების ბრალდებით, საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და 144-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილით სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული“, – აცხადებს პროკურატურა.
უწყების მტკიცებით, 2012 წლის ივლისში, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ დავით ახალაიამ, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ გიორგი კალანდაძემ, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა მეგის ქარდავამ და შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსმა რომან შამათავამ ერთობლივად განიზრახეს ე.კ.-ს თავისუფლების უკანონო აღკვეთა და წამების გზით მისგან ტერორისტული აქტის მომზადების აღიარება.
„განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, მათი დავალებით, 2012 წლის 28 ივლისს საქართველოს შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა,ზუგდიდში უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება ე.კ.-ს და ხელბორკილებით ნიღაბჩამოცმული, თბილისში მდებარე სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში გადაიყვანეს.
2012 წლის 29 ივლისს დავით ახალაიამ, გიორგი კალანდაძემ, მეგის ქარდავამ და რომან შამათავამ, სამხედრო პოლიციის შენობაში, ტერორისტული აქტის მომზადების აღიარების მოთხოვნით, რამდენიმე საათის განმავლობაში აწამეს ე.კ.,წამებისა და ცემის დროს, მას არაერთხელ დაასხურეს წიწაკის მხუთავი აირი და გაგუდვის ინსცენირების მიზნით, თავზე პოლიეთილენის პარკი ჩამოაცვეს. ე.კ.-მ სასტიკად წამების შემდეგ, გონება დაკარგა,თუმცა მისთვის სამედიცინო დახმარებაც კი არ აღმოუჩენიათ.წამების შემდეგ, ე.კ. შენობის ერთ-ერთ ოთახში, უმწეო მდგომარეობაში რამდენიმე დღე იმყოფებოდა.
გიორგი კალანდაძის მიმართ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 12-დან 17 წლამდე ვადით“, – აცხადებენ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში.
კალანდაძის დაკავებას საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, გიორგი კალანდაძე 2008 წლის ომის გმირია და იბრძოდა უკრაინის მხარესაც, საქართველოს ხელისუფლება კი რუსეთის მთავარ მტრებს უქმნის პრობლემებს.
„მე-4 ბრიგადის ჯგუფმა, რომელსაც ის მეთაურობდა, რუსეთის ტანკების მოწინავე დამრტყმელი ძალა შეაჩერა. ამ ბრძოლის დროს მძიმედ დაიჭრა რუსეთის 58-ე არმიის მეთაური გენერალი ხრულოვი.
უკრაინაში ომის დაწყებისთანავე გიგი აქტიურად ჩაერთო საბრძოლო მოქმედებებში. მას მნიშვნელოვანი წვლილი აქვს გაღებული მტრის შეტევის შეჩერებაში აღმოსავლეთის ფრონტზე. სწორედ ამის მერე საქმეც აღიძრა. რამდენადაც ვიცი, გენერალი კალანდაძე უკრაინის მოქალაქეა და ასევე, მას უკავია თანამდებობა უკრაინის ეროვნულ გვარდიაში.
სირცხვილია, რომ საქართველოს ხელისუფლება სწორედ რუსეთის მთავარ მტრებს უქმნის პრობლემებს მსოფლიოს მასშტაბით. საქართველოს ხელისუფლება მორიგ ჯერზე იჭრის თავს!“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ყოფილი პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ გერმანიის პროკურატურა და სასამართლო გაერკვევიან დაკავების მოთხოვნის „დაუსაბუთებლობაში“, კალანდაძე ძალიან სწრაფად გათავისუფლდება და მას ბოდიშსაც მოუხდიან.
„გერმანიის სასამართლო მურუსიძის კანტორა არავის ეგონოს“, – ამბობს სააკაშვილი.
გიორგი კალანდაძე პირველად საქართველოში, 2012 წლის 7 ნოემბერს დააკავეს და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით სამ საქმეზე წაუყენეს ბრალი. სააპელაციო სასამართლომ გიორგი კალანდაძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი მხოლოდ სენაკის ეპიზოდთან დაკავშირებით გამოიტანა და ის დამნაშავედ ცნო სამხედრო მოსამსახურის შეურაცხყოფაში (სისხლის სამართლის კოდექსის 387-ე მუხლის მე-2 ნაწილი). მას სასჯელის სახით, 3 თვის ვადით სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა განესაზღვრა, თუმცა, 2012 წელს გამოცხადებული ამნისტიის საფუძველზე კალანდაძე სასჯელის მოხდისგან გათავისუფლდა.
2015 წელს, პროკურატურამ წამებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ახალაია, გენშტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი კალანდაძე, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა და შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ა/რ მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან შამათავა.