არსებული ინფორმაციით, რამაზ გერლიანის კუთვნილი ავტომობილი ავჭალის პოლიციის განყოფილებასთან არის ნაპოვნი. ავტომობილი ღია იყო.
Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში გერლიანი წერს, რომ პოლიციელმა მისი ყოფილი ოჯახის წევრის „დავერბოვკებითა“ და გამოყენებით მოახერხა მის კერძო საკუთებაში, მის სამუშაო და შვილების სამყოფელ სივრცეში, შეღწევა.
„14 ნოემბერს შეიარაღებული დამხვდა ჩემს ბინაში თავხედურად, ცრუ მოტივით დაკითხვა მომიწყო, მომაყენე შეურაცყოფა... განადგურებული ვარ“, – დაწერა რამაზ გერლიანმა და სხვადასხვა დოკუმენტი გამოაქყვეყნა.
მისი თქმით, მომხდართან დაკავშირებით პოლიციასაც მიმართა.
პოლიციის ეკიპაჟის რეაგირების ოქმიდან, რომელიც თავად გერლიანმა გამოაქვეყნა, ირკვევა, რომ პოლიცია 14 ნოემბერს გამოიძახა. პატრულ-ინსპექტორის განმარტებით, გერლიანმა განაცხადა, რომ, როდესაც მივიდა ბინაში, სადაც მისი ყოფილი მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი ცხოვრობს, მისთვის უცნობი მამაკაცი დახვდა. რეაგირების ოქმის მიხედვით, უცნობი პიროვნება რამაზ გერლიანს პოლიციელად გაეცნო და განუცხადა, რომ პრევენციის მიზნით იმყოფებოდა მის სახლში, „ვინდაიდან აწარმოებდა გამოკითხვას“. რამაზ გერლიანმა გამოძახებულ პოლიციელებს განუცხადა, რომ მის ბინაში მყოფმა პირმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
რეაგირების ოქმში ნათქვამია, რომ პოლიციის წარმომადგენლები გერლიანის ყოფილ მეუღლესაც გაესაუბრნენ, რომელმაც მათ უთხრა, რომ ბინაში მყოფი პიროვნება იყო მისი ნაცნობი და „უკანონოდ, მისი ნების გარეშე არ შესულა სახლში“.
„ასევე, დამატებით განგვიცხადა, რომ ზემოთ აღნიშნულმა პიროვნებამ აჩვენა რაღაც მოწმობა, სადაც აშკარად ამოიკითხა სახელი გიორგი და ეცვა პოლიციელის ჟილეტი“, – ნათქვამია პატრულ-ინსპექტორის რეაგირების ოქმში.
რამაზ გერლიანი პოსტში წერს, რომ ბინაში მყოფი პირი, პოლიციის მუნდირის გამოყენებით, მისი და მისი ოჯახის წევრების შესახებ ინფორმაციას აგროვებდა.
„არ არის გამორიცხული, რომ ჩემს მიმართ იყენებდა თვალთვალის, მიყურადების და სხვა კონტროლის სისტემებს. კანონი დუმს“, – წერს რამაზ გერლიანი.
რამაზ გერლიანი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში 2019 წლამდე მუშაობდა. ბოლოს ის გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე იყო.