როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, ბრალდებულის დაკავება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამის სამსახურთან თანამშრომლობით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე მოხდა.
„გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირმა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებისა და ბრძანებით ოფიციალურად განსაზღვრული თანხის კომპანიის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გვერდის ავლით, შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიის“ კუთვნილი ტექნიკით 15 ჰექტარი მიწის ნაკვეთის მოხვნის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით 8465 ლარი გამოართვა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.
გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ხსენებული ფაქტი არ ატარებდა ერთჯერად ხასიათს და ბრალდებულის მხრიდან სახელმწიფოს კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის პირადი მიზნებისთვის გამოყენება სისტემატურად ხორციელდებოდა, რის შედეგადაც ტექნიკა განიცდიდა ცვეთას, კომპანია ვერ იღებდა შესაბამის ანაზღაურებას და ბრალდებული მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდა სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას“, – აცხადებენ სუს-ში.
უწყების ინფორმაციით, დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი მისამართების ჩხრეკის შედეგად 11 500 აშშ დოლარი და 52 245 ლარი ამოიღეს.
საქმეზე გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს. სუს-ის ცნობით, დანაშაული სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.