„დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდებულს პრაქტიკულად არ უარყვია ბრალი, თუმცა ოფიციალურად, გამოძიების ეტაპზე, იგი დუმილის უფლებას იყენებს. რაც შეეხება მტკიცებულებებს, სახეზეა როგორც მეზობლების ჩვენებები, ასევე შემთხვევის ადგილიდან ამოიღებული იქნა არერთი მტკიცებულება, მათ შორის, სისხლიანი დანა. დამატებით მტკიცებულებებს უკვე საექსპერტო კვლევის შედეგად მივიღებთ. ჯერჯერობით არ გვაქვს ექსპერტიზის პასუხი, რა მდგომარეობაში იყო ბრალდებული. ვიზუალურად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ არ იყო რაიმე ზემოქმედების ქვეშ“, – განაცხადა პროკურორმა სასამართლო პროცესის შემდეგ.
ადვოკატის თქმით, ბრალდებული წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ეთანხმება და მიაჩნია, რომ ამას იმსახურებს.
გოგა გზირიშვილი 22 წლის ორსული მეუღლის მკვლელობის ბრალდებით 22 დეკემბერს დააკავეს. შემთხვევა ვარკეთილში მოხდა.
პროკურატურის განცხადებით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა განზრახ მოკვლის მიზნით, დანით ორსულ მეუღლეს განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა არეში 30-მდე ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
გოგა გზირიშვილს ბრალად ოჯახის წევრის, წინასწარი შეცნობით ორსული ქალის განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობა ედება (სისხლის სამართლის კოდექსის 111,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტები და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი). ბრალის დამტკიცების სემთხვევაში, მას 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.