weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„ალტ-ინფოს“ პარტიამ სახალხო დამცველის ოფისთან აქცია გამართა

18:02 პარასკევი, 24 დეკემბერი 2021

„ალტ-ინფოს“ მიერ ახლად დაფუძნებულმა პოლიტიკურმა პარტიამ – „კონსერვატიულმა მოძრაობამ“ და მისმა მხარდამჭერებმა თბილისში, საქართველოს სახალხო დამცველის ოფისთან საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების დროს დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვდნენ. ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული. 

აქციაზე სიტყვით გამოვიდა პარტიის თავმჯდომარე ზურაბ მახარაძე და მუქარის შემცველი განცხადებები გააკეთა. 

„თქვენი გვრდში დგომა უკიდურესად მნიშვნელოვანია. ის სამი ადამიანი, რომელიც თავის ოჯახთან ერთად შეხვდება ახალ წელს, იმიტომ არის გარეთ, რომ, მათ შორის, თქვენ არ დაიზარეთ, არ დაიღალეთ, რომ თქვენ გახსოვთ და გრძნობთ პასუხისმგებლობას იმ ადამიანებზე, რომელთა გვერდითაც ვიდექით და ვიბრძოდით.

ჩვენ ამ საქმეს გავაგრძელებთ. უფრო მეტი ვიქნებით და დანარჩენებსაც გამოვუშვებთ. მომავლში აი, ამათ აქედან გამოვათრევთ, მივადგებით ყველა ამათ ჩანერგილ მონას, ამ NGO სექტორს და ავუხსნით, რომ საქართველოში უცხო ქვეყნის მონობა აღარ არის კომფორტული და სარფიანი. ამაზე პასუხისგება მოუწევს ყველას.

ჩვენი თანამებრძოლების თავისუფლება არის ეტაპი და გამარჯვება იქნება მაშინ, როდესაც საქართველოე ექნება ახალი კონსტიტუცია, ძლიერი სახელისუფლებო მოდელი, როდესაც სახალხო დამცველი, პრეზიდენტი მკაფიოდ და გასაგებად ეტყვის უცხო ქვეყნის ელჩებს, რომ ეს საქართველოა, აქ რა იქნება, მარტო ქართველი ხალხის ნებაა და ვერავინ ვეღარ გაბედავს თავზე მოგვახვიოს თავისი კულტურა და შეხედულებები.

ძალიან მალე ესენი ისეთ რამეს ნახავენ, რასთან შედარებითაც 5 ივლისიც კი არაფერია. ესენი ორგანიზებულ, მიზანმიმართულად მომუშავე ძალას ნახავენ, რომელიც ამათ დედას უტირებს, საფლავს გაუთხრის და დაასამარებს საქართველოში უცხო ქვეყნის ჩმორებს, აქ დამყარდება ქრისტიანული დემოკრატია“, – განაცხადა მახარაძემ.

5 ივლისს, თბილისში, საქართველოს საპატრიარქოს და ჰომოფობიური ჯგუფების მოწოდებით „თბილისი პრაიდის“ ღონისძიების – „ღირსების მარშის“ ჩატარების წინააღმდეგ აქცია გაიმართა, რაც მედიის წარმომადგენლების, სამოქალაქო აქტივისტებისა და გამვლელების მიმართ ძალადობაში გადაიზარდა. ძალადობის მსხვერპლი გახდა 53 ჟურნალისტი, ოპერატორი და ფოტოგრაფი. მათგან რამდენიმე მძიმედ დაშავდა და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ ერთ-ერთი დაშავებული ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა. 

სახალხო დამცველის ინფორმაციით, ჯგუფური ძალადობის ფაქტზე დაზარალებულად იქნა ცნობილი 53 პირი და სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 27 პირის მიმართ, თუმცა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისთვის ბრალი არავისთვის წარუდგენიათ. სექტემბერში ნინო ლომჯარიამ გენერალურ პროკურატურას მიმართა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ძალადობისკენ მოწოდების ფაქტებზე, ზურაბ მახარაძისა და დეკანოზ სპირიდონ ცქიფურიშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება მოითხოვა. სახალხო დამცველის მიმართვაზე პროკურატურის პასუხი უცნობია. 

რამდენიმე დღის წინ თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ ოფისში შეჭრისა და დარბევის გამო დაკავებული სამი პირი – ალიკა ალაზოვი, გიორგი ელისბარაშვილი და გიორგი ოძელაშვილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]