weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სახელმწიფო ინსპექტორმა პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართა 

17:58 შაბათი, 25 დეკემბერი 2021
ფოტოზე - სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია ფოტოზე - სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საქართველოს პარლამენტს საკანონდებლო წინადადება წარუდგინა. როგორც უწყებაში აცხადებენ, საკანონმდებლო წინადადება მოიცავს ცვლილებებს 14 საკანონმდებლო აქტში და მისი მიზანი სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერება, დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლება და ქმედითი საკანონდებლო მექანიზმებით აღჭურვაა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინფორმაციით, პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტი გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) მხარდაჭერით შემუშავდა.

„2019 წელს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სახით დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის ამოქმედება, ადამიანის უფლებათა დავის კუთხით როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე, საქართველოს მხრიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯად შეფასდა. თუმცა, სახელმწოფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო მიმართულების 2 წლიანმა მუშაობამ გამოავლინა პრაქტიკული გამოწვევები, რომელთა საკანონმდებლო გზით გადაჭრა აუცილებელია სამსახურის შემდგომი განვითარებისა და დამოუკიდებელი და ეფექტიანი გამოძიების ჩატარებისთვის“, – აცხადებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური.

დღეს მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სხვა საგამოძიებო ორგანოს წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის დროულად გადაცემის სათანადო გარანტიებს, რაც, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებით, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ეფექტიანი გამოძიების ჩატარებას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა გამოძიებას იწყებს ის სამართალდამცავი ორგანო, რომლის თანამშრომელიც იმხილება შესაძლო დანაშაულის ჩადენაში.

„სამსახურის გამომძიებელს დროებითი მოთავსების იზოლატორში და პენიტენციურ დაწესებულებაში საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების ჩატარების მიზნით შესასვლელად, ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში, ესაჭიროება შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ნებართვა, რაც დროში აჭიანურებს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას და ქმნის მტკიცებულებათა განადგურების საფრთხეს; 

ხშირ შემთხვევაში, სამართალდამცავ უწყებებში (მაგალითად, პოლიციის განყოფილებებში) დამონტაჟებული ვიდეოკამერების ჩანაწერების მოპოვება შეუძლებელია მაშინაც კი, როცა მათი მოთხოვნა ხდება დაუყოვნებლივ და არ არის გასული ამავე უწყების მიერ ოფიციალური აქტებით დადგენილი ვიდეოჩანაწერების შენახვის ვადა; 

ამასთან, არც თუ ისე იშვიათია სახელმწიფო უწყებების მხრიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის წერილობით მოთხოვნილი ინფორმაციის დაგვიანებით (რამდენიმე კვირის, თვის შემდეგ) მიწოდების შემთხვევები, რაც დროში აჭიანურებს ან/და შეუძლებელს ხდის მტკიცებულების მოპოვებას; 

სამსახურისთვის გამოწვევად რჩება ექსპერტიზის დასკვნების დროულად მიღება, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს დროული გამოძიების ჩატარებას; არაქმედითია მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩასატარებელი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების ჩატარების მიზანშეწონილობის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ ზედამხედველი პროკურორისთვის დასაბუთებული წინადადებით მიმართვის მექანიზმი, მისი განხილვისთვის დაწესებული არაგონივრულად ხანგრძლივი ვადების გამო; 

ამასთან, პროკურორი არ არის ვალდებული დაასაბუთოს სახელმწიფო ინსპექტორისა და სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილის დასაბუთებული წინადადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გადაწყვეტილება და სხვა“, – აცხადებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური.

ზემოაღნიშნულ გამოწვევების გადაჭრის მიზნით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, საქართველოს პარლამენტს, შემდეგი ძირითადი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების თხოვნით მიმართა:

  • ექიმებს, პოლიციის მუშაკებს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის „112“-ის თანამშრომლებს დაეკისროთ საკანონმდებლო ვალდებულება წამების, სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვა ძალადობრივი ქმედების შესახებ ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიაწოდონ ინფორმაცია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს;
  • განისაზღვროს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი მოსამართლის ვალდებულება მიმართოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, თუ საქმის განხილვისას გაუჩნდება ეჭვი სამართალდამცველთა მხრიდან წამების, სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვა ძალადობრივი ქმედების შესახებ;
  • სახელმწიფო ინსპექტორს მიენიჭოს უფლებამოსილება, დასაბუთებული წინადადებით მიმართოს გენერალურ პროკურორის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმოებაში არსებულ საქმესთან მჭიდროდ დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმის გამოსაძიებლად გადაცემის შესახებ;
  • განისაზღვროს სხვა საგამოძიებო ორგანოების ვალდებულება, სამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უზრუნველყონ მათ წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის მასალების სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის გაცნობა;
  • 72 საათიდან 24 საათამდე შემცირდეს ზედამხედველი პროკურორისა და გენერალური პროკურორის მიერ, სახელმწიფო ინსპექტორისა და სახელმწიფო ინსპექტორის შესაბამისი მოადგილის დასაბუთებული წინადადების განხილვის ვადა, რომელიც შეეხება სასამართლოს განჩინებით ჩასატარებელი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების ჩატარების მიზანშეწონილობას;
  • გათვალისწინებული იქნეს ზედამხედველი პროკურორისა და გენერალური პროკურორის ვალდებულება დაასაბუთონ გადაწყვეტილება, რომლითაც არ კმაყოფილდება ან ნაწილობრივ კმაყოფილდება სახელმწიფო ინსპექტორისა და სახელმწიფო ინსპექტორის შესაბამისი მოადგილის დასაბუთებული წინადადება;
  • სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლებს მიენიჭოთ დროებითი მოთავსების იზოლატორებში, დაწესებულების ხელმძღვანელის ნებართვის გარეშე, დაუბრკოლებლად შესვლის უფლება;
  • განისაზღვროს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის მტკიცებულებათა გადაცემის შემჭიდროვებული ვადა (10 სამუშაო დღე), ხოლო ყველა პირს და ორგანოს დაეკისროს ვალდებულება დაასაბუთოს სამსახურისთვის მტკიცებულების გადაცემაზე უარი ან/და სამსახურს მიაწოდონ ინფორმაცია მტკიცებულების ვადის დარღვევით სამსახურისთვის გადაცემის მიზეზების შესახებ;
  • გათვალისწინებულ იქნეს სამსახურის ქვემდებარე დანაშაულებზე (1442 მუხლი (წამების მუქარა) და 378-ე მუხლის მე-2 ნაწილი (პენიტენციური დაწესებულების საქმიანობისათვის ხელის შეშლა ან/და ამ საქმიანობის დეზორგანიზაცია)) ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესაძლებლობა;
  • სამსახურს მიენიჭოს მის ქვემდებარე სისხლის სამართლის საქმეებზე კომპიუტერული, ვიდეო, ფონოსკოპიური და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზების ჩატარების უფლებსმოსილება;
  • სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიენიჭოს მისივე გამომძიებლების საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების უფლებამოსილება და სხვა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იმედს გამოთქვამს, რომ პარლამენტი მხარს დაუჭერს საკანონდებლო წინადადებას და სამსახურის ინსტიტუციურ გაძლიერებას.

„შემუშავებულ საკანონმდებლო პაკეტი ეხმიანება იმ საკანონდებლო და პრაქტიკულ გამოწვევებს და ასევე, იმ რეკომენდაციებს, რომლებზეც ხაზგასმულია არასამთავრობო ორგანიზაციების „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა“ (IDFI) და „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მიერ ჩატარებულ კვლევაში - „დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი საქართველოში - მიღწევები და არსებული გამოწვევები“, – აცხადებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური.

 

ამ თემაზე:

„ქართული ოცნება“ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების ინიციატივით გამოდის

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]