„დღეს, „წინასაახალწლო სიურპრიზად“, მე და ჩემმა თანამშრომლებმა, „ინტერპრესნიუსიდან“ გავიგეთ, რომ 2021 წლის 22 დეკემბერს, კონსპირაციულად, დაჩქარებული წესით, დაინიცირდა კანონპროექტი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის „გაუქმების“ შესახებ.
ეს მაშინ, როცა 2021 წლის 9 დეკემბრიდან საქართველოს პარლამენტთან ვცდილობ კომუნიკაციას სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერების მიზნით შემუშავებული კანონპროექტის დაინიცირებაზე (ამ კოორდინაციის პროცესში, პარლამენტის წარმომადგენელთა მხრიდან არც ერთი სიტყვა თქმულა ზემოაღნიშნულ ინიციატივაზე). შესაბამისი კანონპროექტი გუშინ გავაგზავნეთ საქართველოს პარლამენტში.
რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნებს ბადებს, დასვენების დღეებში, კანონპროექტის დაინიცირება დაჩქარებული წესით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ჩართულობისა და ფართო საზოგადოებრივი განხილვის გარეშე“, – აცხადებს თოლორაია.
სახელმწიფო ინსპექტორი იმედს გამოთქვამს, რომ დაწყებული პროცესი შეჩერდება.
„მაშინ, როცა გავეცნობი კანონპროექტს და მექნება მეტი ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით, გავაკეთებ უფრო დეტალურ კომენტარს. მანამდე კი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებო, ვაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას, რომელიც ყოველთვის იყო, არის და იქნება კანონით ნაკარნახევი“, – წერს Facebook-ზე ლონდა თოლორაია.
დღეს ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს კანონპროექტი, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას და მის ნაცვლად სპეციალური საგამოძიებო სამსახურის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შექმნას ითვალისწინებს.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 2019 წელს შეიქმნა, რის შემდეგაც პარლამენტმა ლონდა თოლორაია სახელმწიფო ინსპექტორად 6 წლის ვადით აირჩია.