weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

დიდი იმედი მაქვს, კეთილგონიერებას მოუხმობენ და კანონპროექტი კანონად არ იქცევა – თოლორაია 

11:56 სამშაბათი, 28 დეკემბერი 2021

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელი ლონდა თოლორაია პარლამენტში მივიდა, სადაც კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავენ. 

„ამ კანონპროექტით დაგეგმილია არამხოლოდ სახელმწიფო სამსახურის გაუქმება და სახელმწიფო ინსპექტორის სახლში გაშვება, რაც ჩემთვის ყველაზე ნაკლები პრიორიტეტია ამ შემთხვევაში, არამედ სახელმწიფო ინსპექტორის ყველა თანამშრომლის სახლში გაშვება. რა თქმა უნდა, ამაზე ჩემი კრიტიკულია პოზიცია მექნება. სწორედ ამიტომ მოვედი, რომ კომიტეტების სხდომას დავსწრებოდი. კომიტეტების სხდომების დროსთან დაკავშირებული ინფორმაციაც სამწუხაროდ, ძალიან გვიან გახდა ჩვენთვის ცნობილი. ფაქტობრივად, ვმკითხაობდით, რომელ საათზე იწყებოდა ამა თუ იმ კომიტეტის სხდომა“, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ ჟურნალისტებთან.

მან იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური არ გაუქმდება.

„ვნახოთ, როგორ განვითარდება დღეს მოვლენები. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, კეთილგონიერებას მოუხმობენ და ეს კანონპროექტი კანონად არ იქცევა. 

ეს არის თითქოს რეფორმის სახელით განხორციელებული ცვლილებები. ეს არ არის რეფორმა. ვერ დამისახელებთ ვერცერთ რეფორმას, რომელიც განხორციელდა იმ უწყების ჩართულობის გარეშე, რომელსაც რეფორმა ეხება და ვერ დამისახელებთ ვერც ერთ შემთხვევას, როცა ამ ფორმით მოხდა სამსახურის დაშლა ორ სხვადასხვა სამსახურად, რომელსაც აქვს ზუსტად იგივე ფუნქციები და არც ერთ უწყებაში არ მოიძებნა დღევანდელი სახელმწიფო ინსპექტორის თანამშრომელთა ადგილი“, – განაცხადა თოლორაიამ.

„ქართული ოცნების“ დეპუტატებმა პარლამენტში წარადგინეს კანონპროექტი, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას და მის ნაცვლად ორი ახალი უწყების – სპეციალური საგამოძიებო სამსახურის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის – შექმნას ითვალისწინებს. კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით, მიმდინარე კვირაში განიხილავს.

დღეს პარლამენტში იმყოფებოდა აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი, რომელმაც დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით გუშინ კრიტიკული მოსაზრება დააფიქსირა და პარლამენტს მოუწოდა, მისი განხილვა შეაჩეროს. დეგნანი იურიდიული და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების თავმჯდომარეებს, ანრი ოხანაშვილსა და მიხეილ სარჯველაძეს შეხვდა. 

კანონპროექტის მიღების შემთხვევაში ლონდა თოლორაიას, რომელიც თანამდებობაზე პარლამენტმა 2019 წლის ივლისში, 6 წლის ვადით აირჩია, უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდება. გარდა ამისა, გაუქმდება სახელმწიფო ინსპექტორის არჩევითი თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის ყველა თანამშრომელი 2022 წლის 1 მარტიდან სამსახურის გარეშე დარჩება.

„ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტს ხელი შეეწყო სამსახურის გაძლიერებისთვის, დაიწყო სამსახურის დაჩქარებული გაუქმების ძალიან საშიში და სახიფათო პროცესი. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების არგუმენტად დასახელდა ის, რომ სამსახურში ორი ფუნქციის - პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და სამოხელეო დანაშაულის გამოძიების ფუნქციის თავმოყრა იწვევს ინტერესთა კონფლიქტს და საფრთხეს უქმნის მონაცემთა დაცვას. გარდა ამისა აღინიშნა, რომ ამითი სრულდება არასამთავრობო სექტორის მიერ 2018 წელს გაცემული რეკომენდაცია, დამოუკიდებელი საგამოძიებო სამსახურის შექმნის შესახებ. ინტერესთა შეუთავსებლობის პრობლემა საქართველოს პარლამენტმა ვერ დაინახა 2018 წელს და არასამთავრობო ორგანიზაციების ეს რეკომენდაცია არ ჩათვალა წონიან არგუმენტად. არასამთავრობო ორგანიზაციების ეს რეკომენდაცია მხოლოდ დღეს გახდა აქტუალური, როდესაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტი შედგა“, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

მისივე თქმით, სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ უკმაყოფილება პარლამენტის წევრების მხრიდან პირდაპირ და მკაფიოდ არაერთხელ იქნა გამოხატული, დღეს კი ეს უკმაყოფილება კანონპროექტად იქცა.

 

ამ თემაზე:

ღარიბაშვილმა თოლორაიას „მთავრობის ნებისმიერ სტრუქტურაში“ დასაქმება შესთავაზა 

უქმდება სახელმწიფო ინსპექტორის არჩევითი თანამდებობა, ეს ჩვენი დასჯაა – თოლორაია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]