weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

სააკაშვილს ახალი დიაგნოზი დაუსვეს, რასაც ახლა არ გავახმაურებთ – ომბუდსმენის წარმომადგენელი

00:24 ხუთშაბათი, 30 დეკემბერი 2021

სახალხო დამცვლის წარმომადგენელმა საბა ბრაჭველმა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოინახულა. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, ასევე შეხვდა სააკაშვილის ექიმ ნევროლოგს და ჰოსპიტლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს.

„როგორც გავიგეთ, 27 დეკემბერს არის დასმული ახალი დიაგნოზი, რომელსაც ამ ეტაპისთვის არ გავახმაურებთ. თავად პაციენტი ამბობს, რომ მას ჰქონდა სამი ჰიპერტენზიული კრიზი, ამჟამად ის თავს კვლავ არ გრძნობს კარგად და ითხოვს დამატებით სპეციალისტებთან შეხვედრას, მათ შორის – ნევროლოგთან, თუმცა, მკურნალი ნევროლოგი ამბობს, რომ ამ დროისთვის დინამიკა არის დადებითი. დღეს, სამწუხაროდ, არ მოგვეცა სამედიცინო დოკუმენტაციის გაცნობის შესაძლებლობა იმ მიზეზით, რომ ექვსი საათის შემდგომ შეუძლებელი იყო „ფორმა 100“-ის ნახვა. ამის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი იყო, რომ გუშინ სახალხო დამცველის კონსილიუმში მყოფი ნევროლოგი, რომელიც იყო ჩემთან ერთად, შესულიყო და გასაუბრებოდა პაციენტს და გაცნობოდა დოკუმენტაციას“, – განაცხადა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა.

საბა ბრაჭველის თქმით, ამ მომენტისთვის, მიხეილ სააკაშვილის ახალი მკურნალი ექიმი არ არის დანიშნული და როგორც მას ჰოსპიტალში განუმარტეს, სხვადასხვა პროფილის ექიმები ერთობლივად იღებენ გადაწყვეტილებას მკურნალობის სტრატეგიის დაგეგმვასთან დაკავშირებით.

სახალხო დამცველის წარმომადგენელმა 27 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილისთვის ფანჯრის დაგმანვაზეც გააკეთა კომენტარი.

„სააკაშვილის თქმით, 27-ში, როდესაც სახალხო დამცველის წარმომადგენელი წავიდა, მასთან შევიდა დაახლოებით ექვსი თანამშრომელი, რომლებმაც ჯერ სცადეს მისთვის საათის წართმევა, რა დროსაც ფიზიკურ იძულებასაც ჰქონდა ადგილი, ხოლო შემდგომ მოხდა ფანჯრის სრულად დაგმანვა, თუმცა, მოგვიანებით ამოიჭრა მცირე სარკმელი, რომელიც ამჟამად მცირედით იღება.

ჩემთვის წარმოუდგენელია, მზის შუქი როგორ შეიძლება შევიდეს ამ მცირე სარკმლის საშუალებით“, – აღნიშნა საბა ბრაჭველმა.

მიხეილ სააკაშვილმა 27 დეკემბერს განაცხადა, რომ დაახლოებით 17:30 საათზე, გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან მისი გადაყვანა ძალით სცადეს, რასაც წინააღმდეგობა გაუწია, გაითიშა და დროის გარკვეული მონაკვეთი აღარ ახსოვს. სააკაშვილის თქმით, ეს იყო ყველაზე მწვავე კრიზისი, რომელიც ოდესმე ჰქონია. მისი ადვოკატის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტი რუსთავის ციხეში ფსიქო-ნევროლოგიური სტატუსის განსაზღვრის გარეშე მიჰყავდათ.

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ამბობს, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა 27 დეკემბერს დასრულდა და ის დაწესებულებიდან გაწერეს, რის შემდეგაც მასთან სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები მივიდნენ და რუსთავის ციხეში გადაყვანის შესახებ აცნობეს. ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა, აღელდა, რის გამოც წნევის ცვალებადობა აღენიშნებოდა და „შესაბამისად, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება გადაყვანის დროებით გადავადების შესახებ“. შეკითხვაზე, რა დროით გადაიდო სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა, მინისტრმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას სამედიცინო პერსონალთან კონსულტაციის შედეგად მიიღებენ. ამასთან, რატი ბრეგაძე ამბობს, რომ საქართველოს კანონმდებლობით, პატიმრის გადაყვანა ადვოკატებთან არ თანხმდება.

ამ საკითხს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მისი ციხეში გადაყვანის საშუალებას არ იძლევა. უკრაინული მხარე აცხადებს, რომ აგრძელებენ მუშაობას მკურნალობისა და რეაბილიტაციის მიზნით სააკაშვილის უკრაინაში გადაყვანაზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]