„გვაქვს დანარჩენი კიდევ, დაახლოებით მილიონ-ნახევარი Sinopharm-ი და Sinovac-ი, რომელთაც ვადა აქვთ 2023 წლის ივნის-ივლისამდე, ზუსტი თვე არ მახსოვს. ანუ საკმაოდ ვადიანია.
რაც შეეხება ახალ შესყიდვებს, გიდასტურებთ, უკვე დიდი ხანია Pfizer-თან მიმდინარეობს მოლაპარაკება ამ წელს დამატებით 2 მილიონი დოზის შესყიდვასთან დაკავშირებით, მათ შორის, არის საუბარი ბავშვების დოზებზე.
თუ Pfizer-ს მარტის ბოლოსთვის ექნა ახალი, სპეციფიური ვაქცინა „ომიკრონის“ შტამისთვის, საქართველოს ამაზე განაცხადი აქვს გაკეთებული“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე.
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტს დაიწყო. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის 10 იანვრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 2 553 749 აცრა. სრულად, ანუ ორი დოზით, ვაქცინირებულია 1 168 461 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 40.7%-ია. ე.წ. ბუსტერ დოზა გაკეთებული აქვს 85 971 ადამიანს.