weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სასამართლომ სააკაშვილის კადრების საქმეზე იუსტიციის სამინისტროს საჩივარი დააკმაყოფილა 

10:26 ოთხშაბათი, 12 იანვარი 2022
ფოტოზე - იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ფოტოზე - იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე

თბილისის საქალაქო სასამართლომ გააუქმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გადაწყვეტილება, რომლითაც, მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროების გამო, იუსტიციის სამინისტრო სამართალდამრღვევად იქნა ცნობილი და 500 დაჯარიმდა. 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 3 დეკემბრის გადაწყვეტილებით, იუსტიციის სამინისტრო ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლით (მონაცემთა დამუშავების პრინციპების დარღვევა) გათვალისწინებული ორი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის, ხოლო სპეციალური პენიტენციური სამსახური ამავე მუხლით გათვალისწინებული ექვსი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის, რისთვისაც მათ დაეკისრათ ჯარიმა და დაევალათ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდებსა და ოფიციალურ ვებ-გვერდზე გასაჯაროებული მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერების, აუდიო-ვიდეოჩანაწერის და ფოტომასალის წაშლა. 

იუსტიციის სამინისტრომ და სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრეს. ამასთან, მათ სახელმწიფო ინსპექტორის მიერ გაცემული დავალება სააკაშვილის პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერების, აუდიო-ვიდეოჩანაწერის და ფოტომასალის წაშლის შესახებ არ შეასრულეს.

იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე აცხადებდა, რომ იუსტიციის სამინისტროს და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს კადრების გამოქვეყნებით კანონი არ დაურღვევიათ და მათი ეს გადაწყვეტილება საზოგადოებრივი ინტერესის დაკმაყოფილებასა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის გამორიცხვას ემსახურებოდა.

„რაც ეხებოდა სააკაშვილის გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაყვანას, მათ შორის, ფაფებისა და წვენების ეპიზოდს. ეს ემსახურებოდა სახელმწიფოში მშვიდობის, მართლწესრიგისა და უსაფრთხოების ინტერესებს“, – აცხადებდა ბრეგაძე.

სახელმწიფო ინსპექტორი მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელების განხილვა უპრეცედენტოდ დაჩქარებულ ვადებში, წინასაახალწლოდ მოხდა. 

„იუსტიციის სამინისტროს საჩივრის განხილვა ჩაინიშნა 28 დეკემბერს, რომლის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს სასამართლომ აცნობა 3 სამუშაო დღით ადრე, ხოლო სპეციალური პენიტენციური სამსახურის საჩივრის განხილვა ჩაინიშნა 29 დეკემბერს, რომლის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს სასამართლომ აცნობა წინა დღეს.

მიუხედავად იმისა, რომ სამსახურს მასალების წარსადგენად და სხდომებისთვის მოსამზადებლად განესაზღვრა არაგონივრულად მცირე ვადა (მით უფრო იმ პირობებში, როცა სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილება და საქმის წარმოების მასალები არის მოცულობითი (გადაწყვეტილება 67, ხოლო საქმის მასალები - 534 გვერდია), რომელსაც ერთვის არაერთი ვიდეო-აუდიო ჩანაწერი), სამსახურმა მასალები განსაზღვრულ ვადაში სრული მოცულობით წარუდგინა სასამართლოს და უზრუნველყო სხდომებზე სამსახურის წარმომადგენლობა.

აღსანიშნავია, რომ სასამართლო სხდომების პარალელურად საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობდა სამსახურის გაუქმების შესახებ საკომიტეტო მოსმენები.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ზემოაღნიშნული ორივე საქმის განმხილველ მოსამართლესთან იშუამდგომლა საქმეთა გაერთიანებაზე, ვინაიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრათ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ერთი გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილის მონაცემების გასაჯაროების ერთსადაიმავე ეპიზოდზე და მათ მიერ მონაცემთა დამუშავების შემთხვევები მჭიდროდ იყო დაკავშირებული ერთმანეთთან. არცერთმა მოსამართლემ სამსახურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა“, – აცხადებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

„იმედს ვიტოვებთ, სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ჩაბარდება 2022 წლის 1 მარტამდე (სამსახურის გაუქმებამდე), რათა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიეცეს მისი გასაჩივრების შესაძლებლობა“, – აღნიშნავს სახელმწიფო ინსპექტორი.

რაც შეეხება სპეციალური პენიტენციური სამსახურის საჩივარს, მისი განხილვა ხვალ, 13 იანვარს არის დანიშნული. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]