weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში 6 მოლარე იყო დასაქმებული, თუმცა ბაღში შესვლა უფასოა – აუდიტი

12:20 შაბათი, 15 იანვარი 2022

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ ააიპ-ებში შტატები დაუსაბუთებლად არის გაზრდილი და საბიუჯეტო სახსრები არარაციონალურად იხარჯება. 

აუდიტის მიერ გამოვლინდა, რომ 2020 წელს ააიპ „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრში“ დასაქმებული იყო 6 მოლარე-კონსულტანტი, რომელთა ხელფასებზე 50 300 ლარი დაიხარჯა. აუდიტის ჯგუფის მიერ ბოტანიკური ბაღის დათვალიერებით გამოვლინდა, რომ ბაღში შესვლა უფასოა და სალაროები არ ფუნქციონირებს. შესაბამისად, ხელფასები გაიცემა პირებზე, რომელთა ფუნქცია-მოვალეობები არ არის შესრულებადი. 

ააიპ-ების საქმიანობის შესწავლით გამოვლინდა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში დასაქმებულთა ფუნქცია-მოვალეობები გაურკვეველია, ვინაიდან არ არსებობს შესაბამისი ინფრასტრუქტურა დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად. 

„2019-2020 წლებში ააიპ „სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრში“ შექმნილი იყო ფიგურული სრიალის განყოფილება. აღნიშნულ სტრუქტურაში დასაქმებული იყო 2019 წელს – 13, ხოლო 2020 წელს – 7 პირი. მათ ხელფასებზე 2019 წლის აპრილიდან 2020 წლის ივლისამდე დაიხარჯა 85.8 ათასი ლარი. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 2 ივლისს გასხვისდა ყინულის მოედნის ტერიტორია, ხოლო 2020 წელს განხორციელდა მოედნის დემონტაჟი. შესაბამისად, ხელფასები გაიცემოდა პირებზე, რომლებიც წარმოადგენდნენ იმ განყოფილებას, რომელიც პრაქტიკულად არ ფუნქციონირებდა“, – ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2011-2018 წლებში, ზუგდიდში ყინულის მოედნის მშენებლობა-რეაბილიტაციაზე 5 434 500 ლარი, მის მოვლა-პატრონობაზე (2014-2020 წლებში) – 850 800 ლარი, ხოლო დემონტაჟზე 214 500 ლარი დაიხარჯა.

2019-2020 წლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებდა ააიპ „მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლე“, რომლის სუბსიდიის ხარჯმა 2020 წელს 1 055 900 ლარი შეადგინა. 

„აღნიშნული ააიპ-ი 2021 წლის მარტიდან გაუქმდა და შეიქმნა 2 ახალი ააიპ: „მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე“ და „სახელოვნებო სკოლების გაერთიანება“. გაუქმებული ააიპ-ის 2020 წლის ბიუჯეტთან შედარებით, ახალი ააიპ-ების წლიური ბიუჯეტი ჯამში გაიზარდა 59 400 ლარით. აღნიშნული გამოიწვია ადმინისტრაციული ხარჯების ზრდამ. აუდიტის ჯგუფმა დაათვალიერა ააიპ „სახელოვნებო სკოლების გაერთიანების“ ადმინისტრაციის სამუშაო სივრცე. გამოვლინდა, რომ ადმინისტრაციის 23 მოსამსახურე სარგებლობს 2 სამუშაო ოთახით, რის გამოც ზოგიერთი პირი სამსახურში ვერ ცხადდება. მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რას საქმიანობენ ადმინისტრაციაში დასაქმებულები, როდესაც სათანადო სამუშაო პირობები არ არის შექმნილი. აუდიტის ჯგუფმა ვერ მიიღო საკმარისი და შესაფერისი რწმუნება იმისა, რა აუცილებლობით იყო განპირობებული ააიპ-ის გაყოფა და სუბსიდიის ზრდა“, – ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.

2019-2020 წლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების (ააიპ-ებისა და შპს-ების) ხარჯმა დაახლოებით 41 მილიონ 259 ათასი ლარი შეადგინა: 2019 წელს – 19 244 300 ლარი, ხოლო 2020 წელს – 22 015 200 ლარი. ამასთან, 2019 წელს იურიდიულ პირებში დასაქმებული იყო 2577 პირი, ხოლო 2020 წელს შედარებით ნაკლები – 2559.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]