weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ზუგდიდში 44 მანქანაში ავზის ტევადობაზე მეტი საწვავი ბიუჯეტის ფულით 863-ჯერ ჩაასხეს – აუდიტი

13:28 შაბათი, 15 იანვარი 2022

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს 191 ავტომანქანა ემსახურებოდა, რაც 181 ერთეულით აღემატება რეკომენდებულ ზღვრულ ოდენობას. ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობას ეხება. 

საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, 2019-2020 წლებში მუნიციპალიტეტისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად რეკომენდებული იყო 8-10 სამორიგეო ავტომანქანა, თუმცა ზუგდიდის მუნიციპალიტეტი 181-ით მეტს იყენებდა.

„2019-2020 წლებში, მუნიციპალიტეტში სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატებოდა რეკომენდებულ ზღვრულ ოდენობას. კერძოდ, ნაცვლად 10 სამორიგეო მანქანისა, მუნიციპალიტეტი სარგებლობდა ბალანსზე რიცხული 22 სამორიგეო მანქანით და 169 კერძო საკუთრებაში არსებული ავტომობილით“, – ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.

2019-2020 წლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა 601 200 ლარის ღირებულების საწვავი დახარჯა, მათ შორის, 228 500 ლიტრი ბენზინი (ღირებულება − 442 500 ლარი) და 77 000 ლიტრი დიზელი (ღირებულება − 158 700 ლარი). 

აუდიტის ჯგუფმა შეისწავლა ავტომობილებზე საწვავის ხარჯვის დოკუმენტაცია, მათ შორის „აგაი“ სისტემის მონაცემები. აღნიშნული სისტემის გამოყენებით ავზზე მონტაჟდება სპეციალური ჩიპი, რომლის საშუალებითაც ხდება ავტომობილის იდენტიფიცირება ავტოგასამართ სადგურზე. 

„გამოიკვეთა, რომ რიგ შემთხვევებში, ავტოსატრანსპორტო საშუალებებში ერთჯერადად ჩასხმულია ავტომობილების ავზის მოცულობაზე მეტი ოდენობის საწვავი. კერძოდ, 

გამოვლინდა 44 ავტომანქანაზე ავტომობილის ავზის მოცულობაზე გადაჭარბებით საწვავის ჩასხმის 863 შემთხვევა. ამ ავტომანქანებზე ჯამურად სულ ჩასხმულია 145.1 ათასი ლარის ღირებულების, 71,908 ლიტრი საწვავი. 

ავტომობილების ავზის მოცულობაზე მეტი საწვავის ჩასხმა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ე.წ. ჩიპი მოხსნილია და მიმაგრებულია სხვა ავტომობილის ავზზე ან/და სხვა სახის რეზერვუარზე“, – ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.

გარდა ამისა, აუდიტმა გამოავლინა ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე დროის მცირე მონაკვეთში არაერთგზის და ავზის მოცულობასთან შედარებით შეუსაბამოდ მეტი ოდენობით საწვავის ჩასხმის ფაქტები. 

„მერიის წარმომადგენლებთან ერთად, აუდიტის ჯგუფმა დაათვალიერა მუნიციპალიტეტის მიერ სამსახურებრივი საჭიროებისათვის გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებები. გამოვლინდა, რომ „აგაი“ სისტემის ჩიპი მყარად არ იყო დამაგრებული 11 ავტომანქანაზე, მოხსნილი იყო 6 მანქანაზე, აქედან 4 „ჩიპის“ ადგილმდებარეობა პასუხისმგებელი პირების მიერ ვერ დადგინდა. შესაბამისად, „აგაი“ სისტემის ჩიპის გამოყენება შესაძლებელი იყო სხვა მანქანებზეც. აღნიშნული გარემოებები წარმოშობს არაავტორიზებულ ავტომანქანებში საწვავის ჩასხმისა და მისი არასამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენების რისკებს“, – ნათქვამია აუდიტის დასკვნაში. 

მსგავსი ხარვეზები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის წინა აუდიტის პერიოდშიც გამოვლინდა, თუმცა, როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახური აცხადებს, მერიამ რეკომენდაციები არ გაითვალისწინა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]