weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ეს არ იყო უბედური შემთხვევა, გულგრილმა პოლიტიკამ გაწირა ადამიანი – დევნილები მინისტრს 

18:36 ორშაბათი, 17 იანვარი 2022

თბილისში, ყოფილ სანატორიუმ ქართლში მცხოვრები დევნილები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის განცხადებას გამოეხმაურნენ. ზურაბ აზარაშვილმა დღეს განაცხადა, რომ ერთ-ერთი დევნილის თვითმკვლელობა, პირველადი ინფორმაციით, უბედური შემთხვევაა და დევნილების პრობლემას არ უკავშირდება.

დევნილების თქმით, 52 ზურაბ ჭიჭოშვილი დაღუპვის მიზეზი გულგრილობა, უიმედობა და სასოწარკვეთა გახდა. ისინი მომხდარზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ. 

„სამწუხაროა, რომ დევნილების ხმა მხოლოდ ტრაგედიების ფონზე ისმის. ჯერ კიდევ დილით, როდესაც პრესკონფერენციას ვგეგმავდით, გვქონდა ეჭვი, რომ სახეზე იყო მცდელობა, ტრაგედიის ნამდვილი მიზეზის სხვადასხვა საკითხით გადაფარვის. ჯანდაცვის მინისტრმა ჩვენი ეჭვი დაადასტურა და განაცხადა, რომ ეს უბედური შემთხვევა იყო. ეს უწყება პასუხისმგებლობას ისევ არ იღებს და როგორც ჩანს, არც აპირებს. 

დღეს, როცა უნდა ვგლოვობდეთ გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან ერთად, ვდგავართ აქ. ბატონო მინისტრო, ამ ქვეყანაში ადამიანები კვდებიან ნამდვილი და სასტიკი სიკვდილით; ამ ქვეყანაში ადამიანებს კლავს გულგრილობა, უიმედობა და სასოწარკვეთა. სწორედ ეს გახდა ამ ტრაგედიის მიზეზი და ამ პასუხისმგებლობას ვერსად გაექცევით.

გამოითქვა ვარაუდები ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების, ნივთიერებების ავად მოხმარების, კონფლიქტის შესახებ. შესაძლოა სხვა ვერსიებიც შემოგვთავაზონ. ეს არის სასოწარკვეთაში მყოფი ადამიანის ღირსების შელახვის მცდელობა. კორელაცია სასმელსა და თვითმკვლელობას შორის არ არსებობს, მაგრამ ნამდვილად არებობს კავშირი სუიციდსა და სასოწარკვეთას შორის. 

სამწუხაროა, რომ სამი ათწლეულის მანძილზე დევნილთა საკითხები არ გახდა სოციალური პოლიტიკისთვის პრიორიტეტი და დღესაც, ამ ტრაგედიის ფონზე, მაშინ, როცა ყველა თავდახრილი უნდა დავდიოდეთ, მინიმუმ სინდისი გვაწუხებდეს და საკუთარ პასუხისმგებლობას ვიაზრებდეთ, რას ვაკეთებთ? რა განცხადებებს ავრცელებს უწყება, რომლის პირდაპირი პასუხისმგებლობაა დევნილთა კეთილდღეობა?

გუშინ მოსახლეობა ფიზიკურად იცავდა მიცვალებულს სწორედ იმიტომ, რომ მისი სახელი ლაფში არ ამოესვარათ, რისი არაერთი მაგალითიც გვაქვს ქვეყანაში, სამწუხაროდ.

ჩვენ, სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილები, დავიცავთ ჩვენი მეზობლის, ჩვენთვის შეწირული ბატონი ზურის არა მარტო ცხედარს, არამედ სახელსაც. სრულიად სამარცხვინო და ამორალურია ის განცხადებები, რაც ვრცელდება. 

ეს არ ყოფილა უბედური შემთხვევა, მოუცლელო ბატონი მინისტრო. გულგრილმა პოლიტიკამ გაწირა ადამიანი. არცერთი ნაბიჯი არ გადადგმულა იმისთვის, რომ ეს ტრაგედია აგვერიდებინა და არცერთი ნაბიჯი არ იდგმება დღეს პროაქტიურად, რომ სხვა ოჯახები იყვნენ დაცული. 

რა ხანია ვიბრძვით, ვცდილობთ კომუნიკაციას, ჩვენთვის კი არავის სცალია. 29-წელია ამ პირობებში ვცხოვრობთ. დავკარგეთ ქონება, სახლი, მშვიდი ცხოვრების უფლება და განვითარების პერსპექტივა. ვითხოვთ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების აღსრულებას; ვითხოვთ შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად მოყენებული ზარალის ანაზღაურებას; ვითხოვთ ადამიანურ, უსაფრთხო პირობებს.

მე ჩემს სიტყვას ბატონი ზურის სიტყვებით დავასრულებ - „იქნებ თქვენ მაინც გეშველოთ“. ადამიანების სიცოცხლე არ უნდა ეწირებოდეს უჩინარი ადამიანების ხმის გაჟღერებას და გთხოვთ ყველას, გაუფრთხილდით გარდაცვლილი ადამიანის სახელს და მისი ოჯახის წევრებს“, – თქვა ერთ-ერთმა დევნილმა, რომელმაც საერთო განცხადება წაიკითხა.

ბოლო კვირებია ზღვისუბანში, ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილები აქციებს მართავენ და ბინებით დაკმაყოფილებას ითხოვენ. გუშინ, ერთ-ერთი დევნილი, 52 წლის ზურაბ ჭიჭოშვილი 7-სართულიანი შენობის სახურავიდან გადახტა და გარდაიცვალა.

მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა დღეს, ჟურნალისტების შეკითხვების პასუხად განაცხადა, რომ მომდევნი 3 წლის განმავლობაში მთავრობა გეგმავს, ბინით მინიმუმ 13 000 ოჯახი უზრუნველყოს. დარჩება კიდევ 46 000 ოჯახამდე, რომელთა დაკმაყოფილებას ეტაპობრივად აპირებენ. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]