„ჩვენ შარშან უკვე გვქონდა ამის პრეცედენტი, როდესაც საზაფხულო გზა დაიკეტა, ყოველკვირეულად დავნიშნეთ ვერტმფრენის რეისი, რამაც ძალიან გააიოლა იქ მყოფი ადამიანების ყოფა და რა თქმა უნდა, ეს გაგრძელდება მომავალ ზამთარშიც“, – განაცხადა პრემიერმა.
თუშეთში, რომელიც ზღვის დონიდან 1900-2400 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, 52 სოფელია. მათი დიდი ნაწილი დაცლილია. ზამთარში მთელ თუშეთში მხოლოდ 20–25 ადამიანი რჩებოდა. ერთ–ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც თუშეთი მოსახლეობისგან დაიცალა ის არის, რომ აბანოს უღელტეხილზე დიდთოვლობის გამო, თუშეთთან დამაკავშირებელი გზა ოქტომბერში, 6–7 თვით იკეტება, მაისის შუა რიცხვებამდე და ადამიანები ბარში ჩამოსვლას ვეღარ ახერხებენ.
თუშეთის ბევრ სოფელში ამ დრომდე არ არის სატელეფონო კავშირი. საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით, წელს გახდა შესაძლებელი, იმ სოფლებშიც კი, სადაც ტელეფონი არ იჭერს, ადამიანებმა ინტერნეტით და მასზე დაშენებული პლატფორმებით ისარგებლონ, მათ შორის როგორიცაა ვაიბერი, სკაიპი და ა.შ.
თუშეთში ზამთარ–ზაფხულ არის ექიმი, 76 წლის ირაკლი ხვედაგურიძე, რომელიც სოფლებში ცხენით გადაადგილება, ომალოს ამბულატორიაში კი პაციენტებისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა სანთლის შუქზე უწევს.
თუშეთის ბევრ სოფელში არ ისმის არცერთი ქართული რადიოს ხმა. არიან ადამიანები, რომლებიც მუდმივად მთაში ცხოვრობენ და ამ დრომდე არა აქვთ მზის ელექტრომოდულები, რომ ერთი ნათურის ანთება და ხანდახან ტელევიზორის ჩართვა მაინც შეძლონ.
თუშეთთან სამანქანო მიმოსვლა 6–7 თვით რომ აღარ შეწყდეს, საქართველოს მთავრობა ამ მიზნით პანკისის ხეობიდან თუშეთის მიმართულებით ახალი საავტომობილო გზის მშენებლობას გეგმავს. სამუშაოები 2018 წლის გაზაფხულზე დაიწყება. პროექტის მიხედვით, რომელიც ხორვატიულმა კომპანიამ მოამზადა, გზა პანკისის სოფელ ბირკიანიდან დაიწყება, გაივლის ხადორის ხეობას და წოვათაში, შავწყალას ტერიტორიაზე გავა, რის შემდეგაც სოფელ ვერხოვანთან გომეწრის ხეობას შეუერთდება.