„გადაწყდა, რომ 50 წელს ზემოთ აცრების წახალისების პროგრამა კვლავ გაგრძელდება ერთი თვით. გარდა ამისა, 50 წელს ზემოთ ვინც ბუსტერ დოზას გაიკეთებს, იმ ადამიანებს წახალისება გაუკეთდებათ 100 ლარის ოდენობით.
მოგეხსენებათ, ძალიან მომატებულია ინფიცირების რაოდენობა და მნიშვნელოვანია, როდესაც ადამიანი ტესტს იტარებს, მიუთითოს სწორი მონაცემები ტელეფონის ნომრის სახით, რომ არ გაჭირდეს მასთან დაკავშირება“, – განაცხადა ღიბრაძემ.
50 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზის ჩატარების შემდეგ 200-ლარიან ერთჯერად დახმარებას იღებენ. ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ფინანსურმა წახალისებამ ყველაზე კარგად 65 წლის ასაკს ზემოთ პირებში იმუშავა.
„კვლევები და სხვადასხვა ქვეყნის მონაცემები ადასტურებენ, რომ ვაქცინა - უკვე ჩატარებული ორი დოზა - იცავს ჰოსპიტალიზაციისა და გართულებებისგან, თუმცა ბუსტერ დოზა მნიშვნელოვნად ზრდის დამცველობით ეფექტს ინფიცირების თვალსაზრისით, ასევე ჰოსპიტალიზაციისა და გავრცელების თავიდან აცილების მიზნით“, – განაცხადა გაბუნიამ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგოდ 2 667 808 აცრაა ჩატარებული. სრულად, ანუ ორი დოზით, ვაქცინირებულია 1 210 361 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 42.1%-ია. ბუსტერ დოზით აცრილია 133 109 პირი.
ნებისმიერი ვაქცინისთვის ბუსტერ დოზის ჩატარება შესაძლებელია მეორე აცრიდან 3 თვის შემდეგ.