weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

შშმ ბიჭის ცემისთვის დაკავებულ პოლიციელებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

17:00 ხუთშაბათი, 27 იანვარი 2022

თბილისის მეტროში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 17 წლის ბიჭის ცემისთვის დაკავებულ პოლიციელებს – ნუგზარ ბაქრაძეს და კახაბერ ბაკაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ მიიღო. 

როგორც პროკურორმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, არასრულწლოვანი, ძალის გამოყენებით, მეტროსადგურის ქვედა ბაქნიდან პატრულ-ინსპექტორებისთვის განკუთვნილ ოთახში კახაბერ ბაკაშვილმა აიყვანა, ხოლო მასზე ძალადობა ნუგზარ ბაქრაძემ განახორციელა.

„საქმის მასალების, აუდიო-ვიდეო ჩანაწერების თანახმად, მეტროსადგურ „ისანის“ ქვედა ბაქნიდან ესკალატორით ზედა ბაქანზე ასვლისას უკვე ცნობილი იყო, რომ არასრულწლოვანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი იყო, არ ესმოდა და ჟესტების ენით საუბრობდა. ამას განუმარტავდნენ არასრულწლოვნის მეგობრები და თავად ისიც მიანიშნებდა, რომ არ ესმოდა. ამის მიუხედავად, ბრალდებული ბაკაშვილი ცინიკურად ამბობდა, რომ დაზარალებულს აალაპარაკებდა და შემდეგ მშვიდად, აუღელვებლად უყურა, როგორ გაუსწორდა მისი კოლეგა, ბაქრაძე არასრულწლოვანს… 

თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ამ შემთხვევაში, ნებისმიერი ჩვეულებრივი სამოქალაქო პირი აუცილებლად შეეცდებოდა, შეეჩერებინა ნუგზარ ბაქრაძის ქცევა და ყველაფერს იღონებდა, რომ არასრულწლოვანს დახმარებოდა, თუმცა პოლიციის ფორმაში გამოწყობილმა კახაბერ ბაკაშვილმა თითიც არ გაანძრია ამის აღსაკვეთად და არც არავის მოახსენა მომხდარის შესახებ. 

მიმაჩნია, რომ ვინდაიდან პოლიციის მუნდირიც ვერ გახდა ბრალდებულების ქცევის შემაკავებელი გარანტი, პატიმრობაზე უფრო ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძება ვერ იქნება მათი ქცევის მაკონტროლებელი“, – განაცხადა პროკურორმა. 

რაც შეეხება დაცვის მხარეს, ადვოკატი კახაბერ ბაკაშვილის, რომელიც თავს დამნაშავედ არ ცნობს, აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა, თუმცა ალტერნატივის სახით მოსამართლეს 10 000 ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ მისი გათავისუფლება შესთავაზა. ადვოკატი აღნიშნავდა, რომ ბაკაშვილი პოლიციაში 23 წლის განმავლობაში მუშაობდა და წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა. ნუგზარ ბაქრაძე დუმილის უფლებას იყენებს. ადვოკატმა ბაქრაძისთვის 20 000-ლარიანი გირაოს შეფარდება მოითხოვა. 

თბილისის ერთ-ერთ მეტროსადგურში 17 წლის მოზარდზე პოლიციელის ძალადობის ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების შემდეგ, 24 იანვარს, ორი სამართალდამცველი დააკავეს. „ყრუ-მუნჯია? რომ ავალაპარაკო ახლა?“ – ისმოდა ვიდეოში ერთ-ერთი პოლიციელის სიტყვები. 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომელმა მეტროსადგურში, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის განკუთვნილ ოთახში გამეტებით სცემა არასრულწლოვანს მიუხედავად ბიჭის მინიშნებისა, რომ სმენადაქვეითებული იყო და საუბარი არ ესმოდა. ძალადობას მეორე პოლიციელიც შეესწრო, რომელმაც კოლეგის შესაჩერებლად არაფერი გააკეთა და როგორც გაირკვა, მომხდარის შესახებ არც საგამოძიებო უწყებას შეატყობინა.

პატრულ-ინსპექტორ ნუგზარ ბაქრაძეს ბრალად ედება არაადამიანური მოპყრობა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არასრულწლოვნის, სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული და უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ (სისხლის სამართლის კოდექსის 144 ტერცია მუხლის მე-2 ნაწილი). ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 5-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

რაც შეეხება მეორე პატრულ-ინსპექტორს, კახაბერ ბაკაშვილს, მას ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება (სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილი). დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით 6-დან 2 წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით 3 წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3 წლამდე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]