სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტმა ვერ წარადგინა დოკუმენტური მტკიცებულებები საკრებულოს წევრებზე გაწეული ხარჯების დასადასტურებლად.
„თანხის გაცემის საფუძველი უნდა იყოს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები. აღსანიშნავია, რომ საკრებულოს წევრებზე ანაზღაურებულია დადგენილებით განსაზღვრული მაქსიმალური თანხები. აღნიშნული მიანიშნებს, რომ თანხები დაუსაბუთებლადაა გაცემული, რადგან შეუძლებელია საკრებულოს ყველა წევრს ჰქონდეს ერთი და იგივე შესასრულებელი დავალება და იდენტური ხარჯი“, – ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.
საკრებულოს არათანამდებობის პირები არიან საკრებულოს წევრები, რომლებიც არ იკავებენ შემდეგ თანამდებობებს: საკრებულოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე, ფრაქციის თავმჯდომარე.
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ თანახმად, საკრებულოს წევრი, რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი, თავის უფლებამოსილებას ახორციელებს სამსახურებრივი საქმიანობისაგან მოუწყვეტლად და უსასყიდლოდ. მას შეიძლება აუნაზღაურდეს უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები, როგორებიცაა: საკრებულოსა და კომისიის სხდომების, დროებითი სამუშაო ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობის მიღების, ამომრჩეველთან შეხვედრების, ასევე საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის ცალკეული დავალების შესრულებისათვის საჭირო ხარჯები.