weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

მეშახტეების ბრიგადას შრომის უსაფრთხოების ნორმები არ დაურღვევია – პროფკავშირი

16:02 ორშაბათი, 31 იანვარი 2022

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება, ასევე მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირი ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში წუხელ მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. პროფკავშირების შეფასებით, აფეთქება, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, რვა კი დაშავდა, მეშახტეების მიერ შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევას არ გამოუწვევია. 

პროფკავშირების თანახმად, საწარმო შემთხვევა დაახლოებით 21:00 საათზე, მინდელის სახელობის შახტის მე-2 უბანზე მოხდა.

„არსებული ინფორმაციის თანახმად, ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების წარმოებისას აფეთქდა შახტაში დაგროვებული მეთანის აირი, რის შედეგადაც 9 მეშახტემ დამწვრობითი დაზიანებები მიიღო. 3 მათგანს ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირდა, ხოლო 6 მეშახტე თბილისის შესაბამის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ერთერთი, საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. 

შახტის შრომის უსაფრთხოების სისტემა აღჭურვილია მეთანის კონცენტრაციის გაზომვის როგორც ხელოვნური, ასევე ავტომატური საშუალებებით, რაც საშუალებას იძლევა, რომ ყოველი ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოს დაწყებისას იყოს ცნობილი, თუ რამდენია მეთანის კონცენტრაცია კონკრეტულ სამუშაო ლოკაციაზე და თუ კონცენტრაციის მაჩვენებელი ნორმაშია, მხოლოდ ამის შემდეგ გაიცემა ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოს დაწყების ნებართვა შახტის დისპეჩერის მიერ.

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მეშახტეების ბრიგადას შრომის უსაფრთხოების ნორმები არ დაურღვევია - ფეთქითი მასალის ნახშირის ფენებში დამონტაჟების წესებიც ზედმიწევნით იყო დაცული, დეტონატორის ელექტრო-სადენიც საჭირო სიგრძის იყო და აფეთქების მომენტშიც უსაფრთხო პოზიციებზე იდგნენ. 

ეს ყოველივე მიგვანიშნებს იმაზე, რომ აღნიშნული ფაქტის კვლევა უნდა წარიმართოს შემდეგი მიმართულებით: ჰქონდა თუ არა შახტის სადისპეჩეროს ინფორმაცია მეთანის მაღალი კონცენტრაციის შესახებ და თუ ასეთი ინფორმაცია არსებობდა, რატომ, ვის მიერ და ვისი ბრძანებით გაიცა ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოს დაწყების ნებართვა“, – აცხადებს პროფკავშირი. 

პროფესიული კავშირების გაერთიანება და დარგობრივი პროფკავშირი მიიჩნევენ, რომ სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა ნომერ პირველი გამოწვევაა და მიუხედავად იმისა, რიგითი დასაქმებულია შრომის უსაფრთხოების ნორმების დამრღვევი, თუ კომპანიის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, მაქსიმალურად უნდა იქნეს გამოკვლეული მომხდარის მიზეზები და დადგინდეს როგორც ბრალეულობა, ასევე ბრალეულობის ხარისხი. 

ტყიბულში ნახშირს შპს „საქნახშირი“ მოიპოვებს. 2019 წლის 7 ნოემბრიდან მას შპს „კოალ ოფ ჯორჯია“ მართავს. მომხდარის გამოწვევ მიზეზებთან დაკავშირებით კომპანიას განმარტება ჯერ არ გაუკეთებია, შრომის ინსპექციის სამსახურის პირველადი შეფასებით კი, საამფეთქებლო სამუშაოები უსაფრთხოების წესების დარღვევით და ტექნიკური ხელმძღვანელის უშუალო ზედამხედველობის გარეშე მიმდინარეობდა.

პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. 

რაც შეეხება დაშავებულ მეშახტეებს, რვა ადამიანი თბილისში, ხეჩინაშვილის სახელობის დამწვრობის ცენტრშია მოთავსებული. მათგან ერთ-ერთს სხეულის 60%-იანი თერმული დამწვრობა აქვს და რეანიმაციაში იმყოფება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]