„მას შემდეგ, რაც „ომიკრონი პირველად იქნა იდენტიფიცირებული სულ რაღაც 10 კვირის წინ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას თითქმის 90 მილიონი შემთხვევის შესახებ ეცნობა, რაც მეტია მთელი 2020 წლის მონაცემებზე. ჩვენ ახლა ვხედავთ სიკვდილიანობის ძალიან შემაშფოთებელ ზრდას მსოფლიოს უმეტეს რეგიონებში.
შეშფოთებულები ვართ ზოგიერთ ქვეყანაში გავრცელებული ნარატივით, რომ ვაქცინების, „ომიკრონის“ მაღალი გადაცემის და ნაკლები სიმძიმის გამო, გადაცემის პრევენცია აღარ არის შესაძლებელი და აღარ არის საჭირო. ეს სიმართლისგან ძალიან შორსაა.
მეტი გადაცემა ნიშნავს მეტ სიკვდილს. ჩვენ არ მოვუწოდებთ არცერთ ქვეყანას, დაუბრუნდნენ ე.წ. ლოქდაუნს, მაგრამ მოვუწოდებთ მათ, დაიცვან ხალხი ყველა ხელსაწყოს გამოყენებით და არა მარტო ვაქცინებით.
ნებისმიერი ქვეყნისთვის ნაადრევია ან დანებება ან გამარჯვების გამოცხადება. ვირუსი საშიშია და აგრძელებს განვითარებას ჩვენს თვალწინ. ამჟამად თვალყურს ვადევნებთ „ომიკრონის“ ოთხ ქვევარიანტს, მათ შორის BA.2-ს“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა.
გებრეისუსის თქმით, რადგან ვირუსი ვითარდება, შესაძლოა ვაქცინების განვითარებაც გახდეს საჭირო, რადგან SARS-CoV-2-ის ვარიანტებმა შესაძლოა შეძლონ წინა ვარიანტების საწინააღმდეგო ვაქცინებით წარმოქმნილი გამანეიტრალებელი ანტისხეულებისგან თავის დაღწევა.