შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ წყლის რესურსების ეფექტიანი მართვა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ქვეყნისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.
დავით სონღულაშვილის განცხადებით, „აქუალიას“ სახით საქართველოში მსხვილი და სტრატეგიული ინვესტორის შემოსვლა, განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.
„საქართველოში „Aqualia”-ს შემოსვლა, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს რომ საქართველო სანდო და სტაბილური პარტნიორია. ასეთი მსხვილი და სტრატეგიული ინვესტორის ქვეყანაში ოპერირება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, როგორც სექტორში, ასევე მთლიანად ქვეყანაში ახალი შესაძლებლობების გაჩენას. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კი თავის მხრივ, მაქსიმალურად მზად იქნება იმისთვის, რომ მჭიდროდ ითანამშრომლოს ესპანურ კომპანიასთან“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.
შეხვედრაზე, „აქუალიას“ აღმასრულებელმა დირექტორმა ფელიქს პარა მედიავილამ განაცხადა, რომ საქართველო მათთვის სანდო და სტაბილურ ქვეყანას წარმოადგენს და იმედი გამოთქვა, რომ „აქუალიას“ საქართველოს ბაზარზე შემოსვლა იქნება მაგალითი სხვა ესპანური კომპანიებისთვისაც.
„აქუალია“ (Aqualia) ესპანური კომპანიაა, რომელიც წყლის მენეჯმენტის მიმართულებით საქმიანობს. აღნიშნული კომპანია ლიდერია ესპანეთში წყლის მომარაგების მენეჯმენტსა და სერვისში. ამავდროულად „აქუალია" მომხმარებელთა რაოდენობის მხრივ ევროპაში მეოთხე, ხოლო მთელი მსოფლიოს მასშტაბით მეცხრე ადგილზე მყოფი ყველაზე მსხვილი წყალმომარაგების კომპანიაა.
„აქუალია“ უზრუნველყოფს და ემსახურება 1100-ზე მეტ მუნიციპალიტეტს და 30 მილიონზე მეტ ადამიანს მსოფლიოს 17 ქვეყანაში, მათ შორის ესპანეთში, საფრანგეთში, პორტუგალიაში, იტალიაში, ჩეხეთის რესპუბლიკაში, რუმინეთში, კოლუმბიაში, მექსიკასა და საუდის არაბეთში.
[R] გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცია