weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

აჭარაში, მასობრივი ტერორის მსხვერპლთა სამარხში, 29 ადამიანის ნეშტი იპოვეს

17:55 პარასკევი, 04 თებერვალი 2022
IDFI-ის ფოტო IDFI-ის ფოტო

აჭარაში, ბათუმთან ახლოს მდებარე ყოფილ სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, საბჭოთა ტერორის დროს დახვრეტილთა კიდევ ერთი, რიგით მეექვსე, სამარხი ოპოვეს, საიდანაც 29 ადამიანის ნეშტია ამოსვენებული. 

არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) ცნობით, შსს არქივში დაცული, სხვადასხვა დღეს შედგენილი განაჩენის აღსრულების აქტების შესწავლის შედეგად დგინდება, რომ სამარხში აღმოჩენილი ნეშტების რაოდენობა ემთხვევა 1938 წლის 15 მარტის განაჩენის აღსრულების აქტში არსებულ რეპრესირებულთა რაოდენობას. დოკუმენტის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის, გოგლიძის 1938 წლის 11 მარტის მიმართვისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის, ზაქარაიას ბრძანებით, 1938 წლის 15 მარტს, ღამის 4 საათზე 29 ადამიანი დახვრიტეს.

„აღმოჩენილ ნეშტებს ხელები უკან აქვთ შეკრული, ხოლო თავის ქალაზე აღენიშნებათ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული შემავალი ჭრილობა - ზუსტად ისეთი ნახვრეტი, როგორიც აღენიშნებათ სხვა ქვეყნებში მსგავს ადგილებში აღმოჩენილ, საბჭოთა დიდი ტერორის დროს დახვრეტილი ადამიანების თავის ქალებს. 

გარდა ამისა, სამარხები, რომელიც წარმოადგენს წინასწარ გათხრილ დიდ ორმოებში ერთად მოთავსებული ათეულობით ადამიანის ნეშტს (რომელსაც შემდეგ სავარაუდოდ მიწის ერთიანი მასა გადააყარეს), სხვა ქვეყნებში აღმოჩენილი ანალოგიური ადგილების იდენტურია.

სამარხებში ასევე აღმოჩენილია 1930 წლიდან 1936 წლის ჩათვლით მოჭრილი საბჭოური მონეტები (კაპიკები), ღილები, სავარცხელი, ბოთლის ნამსხვრევები, ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის ნარჩენები“, – აცხადებს ორგანიზაცია.

სამარხიდან ნეშტების ამოსვენებისა და შესწავლის სამუშაოებს პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის (IPN) დელეგაცია ახორციელებს, რომელიც საქართველოში IDFI-მ და ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ მოიწვიეს.

„IPN ექსპერტების მრავალწლიანი გამოცდილება გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ შესაძლებელია, უახლოეს მომავალში სრულფასოვნად შეისწავლოს აღნიშნულ სამარხში აღმოჩენილ მსხვერპლთა ნეშტები. შესწავლისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შეიძლება აღმოჩნდეს ის ფაქტი, რომ 1938 წლის 15 მარტს დახვრეტილებს შორის ქალიცაა - 30 წლის მანჯგალაძე (პოპოვა) მირა ვალერიანის ასული. მისი იდენტიფიცირების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება სამარხის დათარიღება 100%-იანი სიზუსტით“, – აცხადებს IDFI.

IDFI-ის მიერ არქივებში ჩატარებული კვლევით, 1937-1938 წლებში სხვადასხვა სადამსჯელო ოპერაციის შედეგად (როგორიც არის კულაკური ოპერაცია, სტალინური სიები, ნაციონალური ოპერაციები და სხვა) აჭარაში სულ 1050 ადამიანი დახვრიტეს. კვლევით დადგინდა, რომ 1050 ადამიანს შორის 11 ქალი იყო. 

IDFI-ის ინფორმაციით, 1938 წლის 15 მარტს დახვრეტილი ადამიანები იყვნენ:

  1. აშრაფიანი ფილიპე ივანის ძე - დაბ. 1868 წ.
  2. ასატურიანი არუთუნ გეორგის ძე - დაბ. 1906 წ.
  3. ანდღულაძე ილარიონ იასონის ძე - დაბ. 1887 წ.
  4. აბაშიძე ისმაილ ჰუსეინის ძე - დაბ. 1904 წ.
  5. ალეკპეროვი ჰუსეინ ალეკპერის ძე - დაბ. 1869 წ.
  6. ბულეიშვილი გერასიმე პეტრეს ძე - დაბ. 1884 წ.
  7. ბატტი მიხაილ მიხაილის ძე - დაბ. 1868 წ.
  8. ვერეშკო ანტონ ანტონის ძე - დაბ. 1863 წ.
  9. გოლიაძე პართენ ამბაკოს ძე - დაბ. 1878 წ.
  10. გაგუა სერაპიონ სიმონის ძე - დაბ. 1885 წ.
  11. გორდელაძე გიორგი იოსების ძე - დაბ. 1893 წ.
  12. გობრონიძე ირაკლი გიორგის ძე - დაბ. 1883 წ.
  13. ერშოვი ევგენი ვასილის ძე - დაბ. 1890 წ.
  14. ჟულჩენკო სიმონ დიმიტრის ძე - დაბ. 1905 წ.
  15. კრომლიდი ფილიპ გეორგის ძე - დაბ. 1903 წ.
  16. ლოპატინი ტიმოფეი პროკოფის ძე - დაბ. 1892 წ.
  17. მხჩიანი არამ გრიგორის ძე - დაბ. 1898 წ.
  18. მანჯგალაძე (პოპოვა) მირა ვალერიანის ასული - დაბ. 1908 წ.
  19. ნიკოლაიშვილი ნიკოლოზ თაყას ძე - დაბ. 1881 წ.
  20. რუსეიშვილი ირაკლი მოსეს ძე - დაბ. 1897 წ.
  21. ტოლმაჩევი დემიან ფიოდორის ძე - დაბ. 1890 წ.
  22. ტანტ-ოღლი მევლუდ აჰმედის ძე - დაბ. 1892 წ.
  23. თოდუა ლეონიდე სიმონის ძე - დაბ. 1893 წ.
  24. ხარაიშვილი სიმონ დავითის ძე - დაბ. 1895 წ.
  25. ხალვაში აბდულა ისკენდერის ძე - დაბ. 1905 წ.
  26. ცეცხლაძე რიზა თემურის ძე - დაბ. 1917 წ.
  27. ცინცაძე გრიგოლ მაქსიმეს ძე - დაბ. 1905 წ.
  28. ჩაგანავა ნილოზი მელიტონის ძე - დაბ. 1910 წ.
  29. ჩხაიძე გედევან ქიშვარდის ძე - დაბ. 1908 წ.
Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]