„უკრაინაში დროულად უნდა შეჩერდეს საომარი მოქმედებები, თორემ იგი მსოფლიო ტრაგედიად იქცევა“, – ნათქვამია პატრიარქის განცხადებაში.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აღმოსავლეთ უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ 24 თებერვალს, გამთენიისას განაცხადა და უკრაინელ ჯარისკაცებს იარაღის დაყრისკენ მოუწოდა.
უკრაინაზე შეტევა ადგილობრივი დროით 05:00 საათზე (თბილისის დროით დილის 7 საათი) დაიწყო. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს მათი ქვედანაყოფების ინტენსიური დაბომბვა აღმოსავლეთში, განხორციელდა სარაკეტო შეტევები აეროდრომებზე, და უკრაინის შეიარაღებლი ძალების სამხედრო ობიექტებზე.
როგორც სასაზღვრო სამსახურმა განაცხადა, რუსეთის ძალებმა უკრაინის საზღვრებს ბელარუსის რესპუბლიკის მხრიდანაც შეუტიეს. უწყების თანახმად, ლუგანსკის, სუმის, ხარკოვის, ჩერნიგოვისა და ჟიტომირის ოლქებში სასაზღვრო ქვედანაყოფებზე, სასაზღვრო რაზმებსა და საგუშაგოებზე თავდასხმები არტილერიის, მძიმე ტექნიკის და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით მიმდინარეობს.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ვლადიმერ პუტინს უკრაინის განადგურება სურს, მაგრამ უკრაინელი სამხედროები ღირსეულ წინააღმდეგობას წევენ. როგორც ზელენკიმ განაცხადა, უკრაინას არა მხოლოდ ბომბებით, არამედ ყალბი ცნობების (ე.წ. ფეიკების) გავრცელებითაც უტევენ.
უკრაინაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული.