ჰუმანიტარული ტვირთი პირველადი სამედიცინო დახმარების საგნებს, 30-ზე მეტი დასახელების მედიკამენტს, ჟანგბადის კონცენტრატორებს და ჰუმანიტარული დახმარების სხვა საგნებს მოიცავს. გარდა ამისა, საქართველო უკრაინას სისხლის გარკვეული მარაგით ეხმარება - გაიგზავნა სისხლის კომპონენტები, ჰემოტრანსფუზიისთვის საჭირო მასალა და ტესტები.
საქართველოდან გაგზავნილ ჰუმანიტარულ დახმარებას უკრაინა ქალაქ ლუბლინის (პოლონეთი) გავლით მიიღებს.
უკრაინაში დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 1 მილიონი ლარის გამოყოფაა დაგეგმილი.
მას შემდეგ, რაც უკრაინაში შეჭრისა და ომის დაწყების გამო, საერთაშორისო საზოგადოებამ რუსეთს სანქციები დაუწესა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართვლო ამ სანქციებს არ შეუერთდება. გარდა ამისა, მან უარი თქვა უკრაინის საკითხზე პარლამენტში მისვლაზე, რადგან „თავისი საქმე აქვს“ და „ომი უკრაინაშია“. ამ განცხადებების გამო, უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად გამართულ აქციებზე ღარიბაშვილის გადადგომის მოთხოვნაც ისმის.