weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ ციხე დატოვა

11:34 სამშაბათი, 01 მარტი 2022

საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩო (ბაჩანა) ახალაიამ 9-წლიანი პატიმრობის შემდეგ რუსთავის N12 სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, მთელი ცხოვრება პატიოსნად ემსახურა ქვეყანას.

„ჯერ სხვა არაფერი მიკეთებია, 41 წლის ვარ. სამწუხაროდ, ქვეყნის სამსხურის მეტი არაფერი მიკეთებია. სხვა საკითხია, ვის რა როგორ ესმის“, – განაცხადა ახალაიამ. 

მისივე თქმით, პოლიტიკოსობას არ აპირებს, რადგან ეს მისი საქმე არ არის. 

ბაჩო ახალია, რომელიც სხვადასხვა დროს სასჯელაღსრულების სისტემას, თავდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობდა, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ 2012 წლის ნოემბერში დააკავეს. 

2014 წლის 22 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაჩო ახალია დამნაშავედ ცნო ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე. პროკურატურის განცხადებით, 2006 წლის 12 იანვარს ძმებმა დავით და ბაჩანა ახალაიებმა გადაწყვიტეს სისასტიკის დემონსტრირებით ძალაუფლების განმტკიცება და საყოველთაო შიშის დანერგვა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. 

„ამ მიზნით ნავთლუღის ავტოსადგურის ტერიტორიაზე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, არნახული სისასტიკით იქნა ჩაცხრილული ციხეზე თავდამსხმელებად გამოცხადებული, სინამდვილეში კი სრულიად უდანაშაულო სამი ახალგაზრდა - შოთა გორგაძე, მარად ართმელაძე და რომან სურმანიძე. აღნიშნული ქმედება ავტორებმა სპეცოპერაციად გამოაცხადეს და მისი შენიღბვის მიზნით მაშინდელი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ბაჩანა ახალაიას ინიციატივითა და უშუალო მონაწილეობით მოხდა პატიმრების წამება“, – აცხადებდა პროკურატურა.

ბაჩო ახალაიას ბრალი ედებოდა ციხეში პატიმართა წამებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის. სასამართლომ მას 10 წლის ვადით პატიმრობა შეუფარდა, თუმცა ამნისტიის შესახებ კანონის და სასჯელის შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოოდ 7 წლითა და 6 თვის ვადით თვისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

გარდა ამისა, ბაჩო ახალაია დამნაშავედ იყო ცნობილი სანდრო გირგვლიანის საქმეზე გასამართლებული პირებისათვის, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით, კომფორტული პირობების შექმნაში. 

ბაჩო ახალაიას მიმართ მესამე გამამტყუნებელი განაჩენი პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე დადგა, რომელიც უზენაესმა სასამართლომაც ძალაში დატოვა. ახალიას ამ საქმეზე 9 წლით წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული. 

„სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2011 წლის სექტემბერში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ წარმატებული ხელმძღვანელის სახელის მოპოვების მიზნით, ორგანიზება გაუწია და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს დაავალა უდანაშაულო მოქალაქეთა დაკავება და აღიარებითი ჩვენებების მიღება მათი წამების გზით, თითქოსდა ისინი ჩადიოდნენ რუსეთის სასარგებლოდ „ჯაშუშობას“. ამ ინფორმაციას იგი გაავრცელებდა მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით, თითქოსდა გამოვლენილი ჰყავდათ ე.წ. „ჯაშუშური“ ჯგუფი. 2011 წლის სექტემბერში სამხედრო პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს შეიარაღებული ძალების ვიცე-პოლკოვნიკი დავით ლონდარიძე, მასთან ერთად ე.წ. „ჯაშუშობაში მხილებული“, თადარიგის პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე და კიდევ ორი პირი. სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის შენობაში, თავდაცვის ყოფილი მინისტრი და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, სხვა პირებთან ერთად ჯაშუშობის აღიარების მოთხოვნით, მრავალი საათის განმავლობაში განუწყვეტლივ სცემდნენ და დამამცირებლად ეპყრობოდნენ დაკავებულ პირებს იმ მიზნით, რათა მათგან მიეღოთ აღიარებითი ჩვენებები, თითქოსდა ისინი ჩადიოდნენ ჯაშუშობას საქართველოს წინააღმდეგ.

დაკავებულმა სერგო თეთრაძემ, მიუხედავად მის მიმართ განხორციელებული ძალადობისა, არ აღიარა მისთვის დაბრალებული დანაშაული. ამის გამო, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილესთან ერთად ორგანიზება გაუწია სერგო თეთრაძის შემდგომ წამებას და სექსუალურ ძალადობას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში“, – აცხადებდა პროურატურა.

უწყების ინფორმაციით, სერგო თეთრაძე მასზე განხორციელებული წამების შედეგად გახდა ცუდად და გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობით გარდაიცვალა გონსმოუსვლელად.

ბაჩო ახალია თავს დამნაშავედ არ ცნობდა. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]