„ყველაფერი იცვლება ამ ქვეყანაზე, - ზოგი უკეთესობისაკენ, ზოგი უარესობისაკენ და ჩვენ ვუყურებთ ამას და გვიკვირს, როდის დამთავრდება ეს ცვლილებები. მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ყველაფერი დამთავრდება მაშინ, როცა მეორედ მოსვლა იქნება უფლისა და რომ ყველაფერი დამოკიდებულია ღვთის ნებაზე, ღვთის განგებაზე.
დიდება შენდა, უფალო და მადლობა შენდა! განგება ღვთისა განუზომელია, განგება ღვთისა მიუწვდომელია.
აი, ომია ზოგიერთ ქვეყანაში, ჩვენ ვწუხვართ, რომ ეს ომი არის. ჩვენ ვლოცულობთ, ვცდილობთ არ მივიღოთ მონაწილეობა სიტუაციის გამწვავებაში.
ჩვენმა ხალხმა შეაგროვა სურსათი, ტანსაცმელი ხალხის დასახმარებლად, მაგრამ ეს ცოტა არის, ჩვენ კიდევ ვეცდებით. ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ შეწყდეს სისხლისღვრა, შეწყდეს ომი და ხალხმა მოიპოვოს მშვიდობიანი ცხოვრება; ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მშვიდობამ დაისადგუროს“, – განაცხადა ილია მეორემ.
24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. როგორც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, მათი მთავარი მიზანი უკრაინის „დემილიტარიზაცია“ და „დენაციფიკაციაა“.
ომს წინ უძღოდა უკრაინის საზღვრებთან რუსული ჯარის მობილიზება და პუტინის მიერ დონბასისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებს დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარება. რუსეთის სამხედრო ინტერვენციას შეერთებული შტატებისა და ევროპის ქვეყნების მხრიდან სანქციების დაწესება მოჰყვა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებს საქართველო ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით არ შეუერთდება. გარდა ამისა, მთავრობა ეწინააღმდეგება უკრაინაში ქართველი მოხალისეების გამგზავრებას და იქ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას. ამ პოზიციების გამო, უკრაინის პრეზდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია.