weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

„ალტ-ინფოს“ პარტიას ოფისი ხულოშიც დაატოვებინეს 

14:36 სამშაბათი, 08 მარტი 2022
ფართის მესაკუთრე დათო სოლომონიძე ხსნის კონსერვატიული მოძრაობის პლაკატებს ფართის მესაკუთრე დათო სოლომონიძე ხსნის კონსერვატიული მოძრაობის პლაკატებს

ძალადობრივი და პრორუსული ორგანიზაციის, „ალტ ინფოს“ მიერ დაფუძნებულ პარტიას, „კონსერვატიულ მოძრაობას“ ხულოში ოფისი მის გახსნამდე დაატოვებინეს. ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, რომ მოძრაობას მუშაობაში ხელს მომავალშიც შეუშლიან.

როგორც „რეგინფოს“ სოლიდარობის თემის წევრმა, ედო ჯავახიძემ უთხრა, „კონსერვატიული მოძრაობისთვის“ ოფისის მიქირავება ფართის მესაკუთრემ მას შემდეგ გადაიფიქრა, რაც დამქირავებლების ვინაობის და მათი იდეოლოგიის შესახებ შეიტყო. 

„გუშინ ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ხულოს ერთ-ერთ ცენტრალურ ადგილზე „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლები ოფისს ხსნიდნენ და ბანერებს აკრავდნენ. ბუნებრივია, ამაზე მკვეთრად უარყოფითი რეაქცია გვქონდა, რადგან

„ალტ-ინფო“ წლების განმავლობაში ისლამოფობიას აღვივებს და სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის მიმართ ძალადობას აორგანიზებს. მიგვაჩნია, რომ ეს ადამიანები ხულოში პროვოკაციის მოსაწყობად მოდიან, უნდათ გარკვეული ჯგუფების ერთმანეთთან დაპირისპირება.

გუშინვე მოვიძიეთ ფართის მეპატრონის საკონტაქტო ინფორმაცია. მას შემდეგ, რაც მან გაიგო, ვინ ქირაობდა ოფისს, რა იდეოლოგიის მატარებელი ხალხი, მაშინვე მიიღო გადაწყვეტილება, გაეწყვიტა მათთან თანამშრომლობა“, – ამბობს ედო ჯავახიძე.

ადგილობრივები მოელიან, რომ „კონსერვატიული მოძრაობა“ ხულოს ტერიტორიაზე კიდევ შეეცდება წარმომადგენლობის გახსნას, თუმცა, როგორც ამბობენ, ამის უფლებას არ მისცემენ. 

„არ დავუშვებთ, რომ ამ ადამიანებმა ხულოში აწარმოონ თავიანთი ბინძური პროპაგანდისტული საქმიანობა. ეს ადამიანები პირდაპირ კრემლის ნატარივს იმეორებენ, მათ შორის, ტელევიზიითაც და კონსერვატიზმის საფარქვეშ, ამზადებენ მოლოდინს, რომ რუსეთი შემოვა და ჩვენ უნდა დავხვდეთ. დიდი ალბათობით, რუსეთიდან ფინანსდებიან და იმ დროს, როდესაც ასეთ საშიშ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ვცხოვრობთ, ქვეყნის შიგნით მათი გაძლიერება სერიოზულ რისკებს შეიცავს“, – აღნიშნა ედო ჯავახიძემ. 

ფართის მესაკუთრემ, დათო სოლომონიძემ, „რეგინფოს“ უთხრა, რომ „კონსერვატიული მოძრაობის“ იდეოლოგიას არ იზიარებს, მოლაპარაკების დროს კი შეცდომაში შეიყვანეს: „მითხრეს, რომ კონსერვატიული პარტია იმუშავებს ევროპული ხედვებითო. პლაკატები რომ გააკრეს და მივხვდი, ვინ იყვნენ, იმ დღესვე ვუთხარი, სხვა ფართი მოეძებნათ“.

„ალტ-ინფომ“ პარტია გასული წლის ბოლოს დააფუძნა და მას შემდეგ რეგიონულ ოფისებს ერთმანეთის მიყოლებით ხსნის. „კონსერვატიულ მოძრაობას“, ბოლო ერთ თვეში, რეგიონებში უკვე 40-ზე მეტი ოფისი აქვს, არადა, ოფიციალური მონაცემებით, დაფუძნებიდან 18 თებერვლის ჩათვლით, პოლიტიკური პარტიის შემოსავალი, მხოლოდ 36 675 ლარი იყო. ახალგაზრდების ნაწილი პრორუსულ პარტიას უპირისპირდება და რიგ მუნიციპალიტეტებში ოფისების გაუქმებას საჯაროდ ითხოვენ. 3 მარტს, მესტიაში, ადგილობრივ ახალგაზრდებსა და პარტიის წევრებს შორის, დაპირისპირებაც მოხდა, რა დროსაც ათამდე ადამიანს სცემეს. პარტიის ოფისის დახურვას ითხოვენ მარნეულშიც.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]