პროკურატურის ინფორმაციით, ავტოავარია დაახლოებით 10:45 საათზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნევში გამავალ თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის 153-ე კილომეტრზე მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტომანქანის და „FORD TRANSIT“-ის მარკის ევაკუატორის შეჯახების შედეგად, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამი პატრულ-ინსპექტორი გარდაიცვალა, ხოლო ერთი პატრულ-ინსპექტორი და ევაკუატორის მძღოლი მიღებული დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
პროკურატურამ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2021 წელს 5863 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 449 ადამიანი დაიღუპა. ავარიების ყველაზე გავრცელებული მიზეზებია საპირისპირო ზოლში გადასვლა, გასწრების წესების დარღვევა, სიჩქარის გადაჭარბება და დისტანციის დაუცველობა. წლის განმავლობაში დაშავდა 7705 ადამიანი, მათ შორის 754 ბავშვი. 944-ჯერ დაეჯახნენ ფეხით მოსიარულეებს, რის შედეგადაც 77 ადამიანი გარდაიცვალა.
ავტოსაგზაო შემთხვევების დიდი ნაწილი თბილისში ხდება, თუმცა მონაცემებიდან ირკვევა, რომ რეგიონებს შორის, ყველა მეტი ადამიანი იმერეთი რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში მომხდარი ავარიების შედეგად დაიღუპა.