weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

სად აბინავებს მთავრობა საქართველოში ჩარჩენილ უკრაინელებს

10:23 ოთხშაბათი, 16 მარტი 2022

უკრაინიდან საქართველოში 1-23 თებერვლის პერიოდში ჩამოსულ ტურისტებს, რომლებიც სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ, ტურიზმის ადმინისტრაცია თბილისის 3 სასტუმროში განათავსებს.

ამ მიზნით ადმინისტრაციამ 3-6 მარტს 3 კომპანიას გაუფორმა გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება. ეს კომპანიებია: „კოპალა 3“, „სასტუმრო ივერია ინ“ და „სტადიუმ ჰოტელი“. საერთო ჯამში, ამ სასტუმროებში უკრაინელი ტურისტების განსათავსებლად მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი.

„კოპალა 3-თან“ გაფორმებული ხელშეკრულების ღირებულება 322,920 ლარია. სამჯერადი კვების და ოთახის დღიური ღირებულება 80 ლარი.

შპს „კოპალა 3-ის“ 100%-იანი წილის მფლობელი საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქე, მოდელი და მსოფლიოს რეიტინგში ყოფილი მეათე ჩოგბურთელის, ერნესტ გულბისის მეუღლე, თამარ კოპალეიშვილია.

„სასტუმრო ივერია ინ-ს“ 403,000 ლარი გამოეყო. ამ სასტუმროში სამჯერადი კვების და ოთახის ღირებულება 60 ლარია. კომპანიის 30%-იანი წილის მფლობელი ასევე რუსეთის მოქალაქე ვახტან კარიჭაშვილია, ხოლო 30%-ს ფლობს ბიზნესმენი პაატა კოკაია, რომელმაც 2018 წლის ოქტომბერში სალომე ზურაბიშვილს 55 ათასი ლარი შესწირა. პაატა კოკაია ფლობს „ბაკურიანი ინ-ის“, „რენესანს კონსტრაქშენს“ და „ გუდაური ინ-ის“ წილებსაც, რომლებსაც გამარტივებული წესით თანხა აქამდეც მიუღიათ. Ბიზნესმენის „ბაკურიანი ინ“ ერთ-ერთი პირველი სასტუმრო იყო სამცხე-ჯავახეთში, რომელშიც სახელმწიფო თანხებით საკარანტინე სივრცე მოეწყო. 2020-2021 წლებში კოვიდსასტუმროებად მუშაობდა „კოპალა 3“ და „სასტუმრო ივერიაც ინ-იც“.

Სააქციო საზოგადეობა „სტადიუმ ჰოტელთან“ ტურიზმის ადმინისტრაციას 297,600 ლარიანი ხელშეკრულება აქვს. სამჯერადი კვების და ოთახის ღირებულება 80 ლარია.

კონტრაქტის თანახმად, პროექტის ფარგლებში სასტუმროებმა უნდა გამოყონ ნომრები, რომლებსაც უნდა ჰქონდეს გათბობისა და კონდინცირების სისტემა. უნდა უზრუნველყონ სტუმრები სამჯერადი კვებით, თეთრეულის მიწოდებით და თავის მოვლის საშუალებებით.

Როგორც „კოპალა 3-ის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ირაკლი ჭიღლაძემ გვითხრა, ახლა სასტუმროში 63 უკრაინელი იმყოფება, - „თანდათან მოდიან, 6-ში გაფორმდა ხელშეკრულება და 7-ში დაიწყო მიღება. სავარაუდოდ, გაგრძელდება, როგორც ეს იყო კოვიდის შემთხვევაში. თანხა რაც გამოიყო, ეს არის მაქსიმალური რაოდენობა, რეალურად კი ამ თანხის ნახევარსაც ვერ ავითვისებთ“.

„ივერია ინ-ში“ კომენტარზე უარი გვითხრეს. არც „სტადიუმ ჰოტელში“ გაგვიმხილეს რამდენი უკრაინელია ახლა სასტუმროში.

ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბაზრის კვლევის შედეგად, 60 კომპანიას შორის შეირჩა ის სამი, რომლებმაც ყველაზე დაბალი ფასი მოითხოვეს - „ტურიზმის ადმინისტრაციას ეხება მხოლოდ ის, ვისაც პასპორტი აქვს უკრაინული და ტურისტული მიზნით არის ჩამოსული საქართველოში 1-23 თებერვლის შუალედში. ჩვენ დავეხმარეთ უშუალოდ იმ ტურისტებს, რომლებიც უნდა წასულიყვნენ უკრაინაში, თუმცა ვერ წავიდნენ, რადგან ფრენები შეწყდა და არ აქვთ საშუალება დაბრუნდნენ საკუთარ სამშობლოში. 23 თებერვლის შემდეგ ჩამოსულები ტურისტებად აღარ ითვლებიან. 308 ადამიანი არის სულ ამ 3 სასტუმროში. მანამდე იყო კერძო სექტორის აქტიური ჩართულობა და გამოთქვეს სურვილი, რომ ეს ხალხი უფასოდ განეთავსებინათ. სინამდვილეში 308-ზე ბევრად უფრო მეტი უკრაინელია ახლა სასტუმროებში, თუმცა კერძო სასტუმროები მათ თავისი ხარჯებით ინახავენ“.

პრემიერის განკარგულებით, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შეუძლია საქართველოში დარჩენილი უკრაინელების განსათავსებლად მომსახურება ტენდერის გარეშე, გამარტივებული წესით შეისყიდოს. შესყიდვების სავარაუდო ღირებულება 6 მილიონი ლარია.

ტურიზმის ადმინისტრაციის სტატისტიკის თანახმად, 2022 წლის თებერვალში საქართველოში საერთაშორისო ვიზიტით უკრაინის 8 601 მოქალაქე შემოვიდა, თუმცა რამდენმა დატოვა ქვეყანა ან რამდენი მათგანი შემოვიდა საქართველოში 24 თებერვლის შემდეგ, ასეთი მონაცემები არ არსებობს.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]