„ირპენში ბრძოლაში, სადაც ჩვენი დანაყოფი მონაწილეობდა, გავანადგურეთ „ორკების“ 3 ერთეული ჯავშანტექნიკა და შესაბამისი ცოცხალი ძალა. ოპერაციიდან გამოსვლისას ორკებმა ცეცხლი გაგვიხსნეს ნაღმტყორცნებიდან. ჩვენი ორი ძმა დაიღუპა, ქართველი მებრძოლები: დავით რატიანი და გია ბერიაშვილი“, – განაცხადა ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ ლიდერმა, დავით ქაცარავამ.
დავით რატიანი მესტიის მუნიციპალიტეტიდან იყო. საკრებულოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ის ქართული შეიარაღებული ძალების სპეცრაზმის ყოფილი წევრი გახლდათ და უკრაინაში ომის დაწყებისთანავე გაემგზავრა.
„ის რუსული აგრესიის ქართველი გმირია და მისი სახელი მუდამ დარჩება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი გმირი მებრძოლების სულებს“,
– ნათქვამია მესტიის საკრებულოს განცხადებაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში თქვეს, რომ დავით რატიანისა და გია ბერიაშვილის სამშობლოში გადმოსვენებას სახელმწიფო უზრუნველყოფს.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და დაიწყო ფართომასშტაბიანი ომი, რასაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს, რომლის მიზანი უკრაინის „დემილიტარიზაცია“ და „დენაციფიკაციაა“. 23 დღეა რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინის მასშტაბით ქალაქებს ბომბავენ და სარაკეტო თავდასხმებს ახორციელებენ, რასაც მშვიდობიანი მოქალაქეებიც ეწირებიან.