weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბაკურციხეში წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის სახლ-მუზეუმი გაიხსნა

18:58 კვირა, 10 სექტემბერი 2017

გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხეში წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის სახლ-მუზეუმის მშენებლობა დასრულდა. მუზეუმში მოეწყო შეხვედრების დარბაზი. არსებული ტერიტორია შემოიღობა და კეთილმოეწყო. პოლონურმა დელეგაციამ სახლ-მუზეუმს წმ. მღვედლმოწამე გრიგოლ ფერაძის მემორიალური დაფა გადასცა.

სახლ-მუზეუმის მშენებლობა-რეაბილიტაცია მუნიციპალური განვითარების ფონდმა მთავრობის დაფინანსებით განახორციელა. ფონდის ინფორმაციით, სახლის შემორჩენილი, მცირე ფრაგმენტის აღდგენა შეუძლებელი იყო, ამიტომ ჩატარდა ნანგრევების საკონსერვაციო სამუშაოები და იქვე აშენდა ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მუზეუმი. სახლ-მუზეუმის სამშენებლო სამუშაოები 2016 წლის ნოემბერში დაიწყო. პროექტის ღირებულება 396 693 ლარია.

ქართველი თეოლოგი, ისტორიკოსი და არქიმანდრიტი გრიგოლ ფერაძე 1899 წლის 31 აგვისტოს სოფელ ბაკურციხეში დაიბადა. 1921 წელს საკათოლიკოსო საბჭომ, უწმიდესმა და უნეტარესმა ამბროსიმ, კორნელი კეკელიძემ და ივანე ჯავახიშვილმა სრულფასოვანი თეოლოგიური განათლების მისაღებად ის ბერლინში გაგზავნეს, სადაც ფილოსოფიის დოქტორის ხარისხიც მიიღო. მან 12–ზე მეტი ენა ისწავლა, მათ შორის ძველებრაული, ძველბერძნული, სირიული, არაბული, კოპტური, ძველსომხური, ლათინური, ინგლისური და ფრანგული. ამათ გარდა, იცოდა გერმანული, რუსული და ძველსლავური.

საქართველოში კომუნისტური წყობის დამყარების შემდეგ გრიგოლი გერმანიიდან ინგლისში გაემგზავრა და სამეცნიერო მუშაობას შეუდგა. 1931 წელს ლონდონის წმინდა სოფიის ბერძნულ საკათედრო ტაძარში ბერად აღიკვეცა. იქვე ეკურთხა დიაკვნად, საიდანაც პარიზის წმინდა ნინოს სახელობის ქართულ ეკლესიაში წინამძღვრად გაამწესეს. მამა გრიგოლმა შეადგინა ქართული ეკლესიის წესი, რომლის თანახმადაც ამ ტაძარში მხოლოდ ქართველ მღვდელმსახურებს უნდა ემსახურათ და აუცილებლად ქართულ ენაზე. მან ფაშისტებისგან განადგურებას გადაარჩინა ექვთიმე თაყაიშვილის მიერ საფრანგეთში გახიზნული ქართული საუნჯე. მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა და გამოიცემოდა ჟურნალი „ჯვარი ვაზისა“.

მოგვიანებით მამა გრიგოლ ფერაძე პოლონეთში, ვარშავაში მიიწვიეს მართლმადიდებლური სასულიერო სკოლის დირექტორად. მამა გრიგოლი ხშირად იფარებდა ფაშისტებისგან დევნილ ადამიანებს, რისთვისაც შეიპყრეს და ციხეში ჩასვეს, შემდეგ კი ოსვენციმის ბანაკში გადაიყვანეს, სადაც 1942 წელს აღესრულა. როგორც მასთან ერთად მყოფი პატიმრები იგონებენ, მამა გრიგოლთან ერთად ბანაკში ერთი მრავალშვილიანი ებრაელი ყოფილა, რომელსაც ფაშისტებმა გაზის კამერაში გაგუდვა გადაუწყვიტეს. მამა გრიგოლს შებრალებია ეს კაცი, მისი სასჯელი თვითონ აუღია თავზე და მის მაგივრად შესულა გაზის კამერაში.

1995 წელს, მამა გრიგოლ ფერაძე საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. 2013 წელს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძეს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]