„მინდა, ჩემი სამძიმარი გამოვუცხადო, ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების ოჯახებს. სამი ყოფილი სამხედრო გარდაიცვალა ამ ომის დროს. ჩემი ინფორმაციით, ისინი იბრძოდნენ ჯერ კიდევ აფხაზეთის ომში, ზოგიერთი მათგანი, ასევე აგვისტოს ომში. სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მოხდეს მათი საქართველოში გადმოსვენება, დაბრუნება.
მე ვუერთდები მსოფლიო ლიდერების მოწოდებას საკუთარი მოქალაქეების მიმართ და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა: თითიული მოქალაქე და მათი სიცოცხლე ჩემთვის და ყველასთვის არის არის ძალიან ძვირფასი. ჩვენ შეგვიძლია კიდევ ერთხელ, ისევე როგორც გამოვხატეთ მთელმა ქვეყანამ სოლიდარობა... და მე აღარ მინდა გავიმეორო, რომ ასობით ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გავგზავნეთ, უპრეცედენტო მხარდაჭერა იყო უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ... საჭიროა, რომ ეს ჰუმანიტარული დახმარება გაგრძელდეს და ამ ფორმით გამოვხატოთ ჩვენი სოლიდარობა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მარნეულში, სადაც საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელებისთვის ნოვრუზ ბაირამის მისალოცად იმყოფებოდა.
პრემიერ-მინისტრს ჟურნალისტმა ჰკითხა, გარდაცვლილთა ოჯახებს ოთხი დღის განმავლობაში რატომ არ მიუსამძიმრა, რაზეც მისი პასუხი იყო, რომ „საზოგადოებასთან დღეს გამოჩნდა“.
„როცა მომეცა საშუალება, მაშინ გამოვხატე ჩემი პოზიცია“, – თქვა პრემიერმა.
შეკითხვას, მიანიჭებს თუ არა საქართველოს ხელისუფლება უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს გმირის წოდებას, ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ ასეთ საკითხებს შესაბამისი სამსახურები განიხილავენ. ამასთან, მან ჟურნალისტებს სთხოვა „გარდაცვლილი ბიჭების სიკვდილით სპეკულირებან ნუ გააგრძელებენ“.
„ეს არის ძალიან ცუდი საქციელი, მეგობრებო. ეს იწვევს შუღლს, საზოგადოების დაბნევას, მოსახლეობის დაძაბვას. არ არის საჭირო გარდაცვლილი ბიჭებით, მათი სიკვდილით მანიპულირება საზოგადოების გრძნობებზე და ემოციებზე“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
რუსეთის შეჭრის და ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში სამი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. დავით რატიანი და გია ბერიაშვილი რუსეთის აგრესიას 17 მარტს ქალაქ ირპენში ემსხვერპლნენ, ხოლო ბახვა ჩიქობავა 19 მარტს მარიუპოლში დაიღუპა. ქართველი მებრძოლების სამშობლოში გადმოსვენების პროცესი ჯერ დასრულებული არ არის.