„დასასრულისკენ მივდივართ ნამდვილად, იმიტომ, რომ მნიშვნელოვნად არის შემცირებული ჰოსპიტალიზაციები, ყოველდღიური ინფიცირების შემთხვევები. ჰოსპიტალში 800-ზე ნაკლები ადამიანი მკურნალობს უკვე. ასევე , ხედავთ, რომ სიკვდილიანობა ძალიან შემცირებულია – ბოლო ერთი წლის მანძილზე ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო – 7 შემთხვევა. წინა დღეებში 8-დან 10-მდე იყო. აქედან გამომდინარე, ყველა ეს დადებითი ტრენდი შეგვიძლია აღვნიშნოთ თავდაჯერებულად და პოზიტიურად შევხედოთ ყველაფერს“, – განაცხადა აზარაშვილმა.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ორშაბათიდან, 28 მარტიდან ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება უქმდება. ჯერჯერობით სავალდებულო იქნება პირბადის ტარება საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეებში. გარდა ამისა, უქმდება რაოდენობრივი შეზღუდვა, როგორც საზოგადოებრივი კვების ობიექტებზე, ასევე სპორტულ, სახელოვნებო თუ სხვა სახის ღონისძიებებზე, მათ შორის სოციალურზე. ე.წ. დისტანციურ რეჟიმზე მყოფ თანამშრომლებს სამუშაო ადგილებზე დაბრუნება შეეძლებათ.
ბოლო დღე ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი 1053 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 2067 ინფიცირებული, ხოლო 7 გარდაიცვალა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელების შემდეგ, ლაბორატორიულად ვირუსით ინფიცირების 1 643 295 შემთხვევა დადასტურდა. 1 601 578 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა. დღემდე ვირუსს ჯამში 16 678 პირი ემსხვერპლა.