უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გამყრელიძემ მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა.
„ახლა, ძალიან ბევრ ქვეყანაში უკვე დაიწყო ცირკულირება ახალმა, ჰიბრიდულმა შტამმა, რომელსაც შემოკლებით „დელტაკრონს“, „დელტამიკრონს“ უწოდებენ. ეს არის „დელტას“ და „ოკიკრონის“ ჰიბრიდი. ჯერჯერობით ათეული შემთხვევებია, მაგრამ ალბათ, შესაძლებელია, რომ გავრცელდეს. ამ შტამის წინასწარი მონაცემები გახლავთ ის, რომ კი, მას აქვს წამოღებული გარკვეული გენეტიკური ინფორმაცია „დელტასგან“, მაგრამ სჭარბობს „ომიკრონის“ თვისებები. „ომიკრონის“ ეს მეორე შტამი BA2 არის ძალიან მაღალი რეპროდუქციის ინდექსით – 12, ანუ სწრაფად ვრცელდება. წითელას აქვს 18. ამიტომ ეს ახალი შტამიც სწრაფად ვრცელდება, თუმცა მისი კლინიკური მიმდინარეობა არის უფრო „ომიკრონისკენ“, ვიდრე „დელტასკენ“. ხაზს ვუსვამ, რომ ეს არის ჯერჯერობით წინასწარი, მცირე ციფრებზე დაყრდნობით მონაცემები, ანუ რა იქნება მომავალში არ ვიცით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისი მთავარი რეკომენდაცია კვლავ კორონავირუსზე ვაქცინაციის ჩატარებაა. გარდა მისა, ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს ურჩევს, პირბადე ატარონ გარე სივრცეშიც – იქ, სადაც ადამიანთა გარკვეული რაოდენობა იკრიბება.
„დღეს მე საბჭოს მოვახსენე, რომ ოფიციალურად 6 მილიონი ადამიანია გარდაცვლილი მსოფლიოში ამ ორი წლის განმავლობაში კოვიდით. კოვიდმა აჯობა ყველაზე დიდ სამ ინფექციურ მკვლელს – ეს არის ტუბერკულოზი, ჰეპატიტი, შიდსი და მეოთხეა მალარია. გადააჭარბა ყველას. თუ ნახავთ ბოლო ორი კვირის განმავლობაში „ლანცეტში“ და „ეკონომისტში“ გამოქვეყნებულ სტატიებს, შეფასებითი მაჩვენებელი გაცილებით უარესია – ანუ სინამდვილეში, როგორც ისინი ამბობენ, არა 6 მილიონი, არამედ სამჯერ მეტი ადამიანი შეიწირა კოვიდმა პირდაპირი და არაპირდაპირი გზით. აქედან გამომდინარე, ეს საკმაოდ სერიოზული პანდემიაა, რომელიც, სამწუხაროდ, 100 წელიწადში ერთხელ მსოფლიოში ხდება და ამიტომ თვალი უნდა გავისწოროთ სიმართლეს და ვიმუშაოთ, რომ მოსახლეობა ამაში დავარწმუნოთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.