weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

კომუნიკაციების კომისიამ „ალტ-ინფოს“ წინააღმდეგ საჩივარი არ მიიღო

17:48 ხუთშაბათი, 24 მარტი 2022
კომუნიკაციის კომისიის თავმჯდომარე კახი ბექაური კომუნიკაციის კომისიის თავმჯდომარე კახი ბექაური

კომუნიკაციების კომისიამ „ალტ ინფოს“ ტელეარწინააღმდეგ არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ხელმძღვანელის, ედუარდ მარიკაშვილის საჩივარი დაუშვებლად სცნო.

ედუარდ მარიკაშვილი, რომელმაც კომუნიკაციების კომისიას 4 მარტს მიმართა, „ალტ ინფოს“ სამართალდამრღვევად ცნობას ითხოვდა. ის აცხადებდა, რომ „ალტ-ინფო“ თავის გადაცემებში ამართლებს რუსეთის მიერ უკრაინში ომის დაწყებას, ლეტალური ძალის არადისკრიმინაციულად გამოყენებისა და ამდენად, ჰუმანიტარული სამართლის დარღვევის ფაქტებს. ის ასევე აღნიშნავდა, რომ „ალტ-ინფოს“ გადაცემები, სადაც დანაშაულებს ამართლებენ, არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენას ახდენენ.

კომისიამ მიიჩნია, რომ „ედუარდ მარიკაშვილი საჩივარში მოყვანილი მსჯელობები სცდება ცალკეული დანაშაულის გამართლების ფარგლებს“. ამასთან, კომისიამ „ალტ-ინფოს“ გადაცემაში ომის პროპაგანდის ნიშნები დაინახა და განმარტა, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონით, ომის პროპაგანდის გავრცელების შემთხვევაში რეაგირება მხოლოდ მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებშია შესაძლებელი.

„ომის პროპაგანდა თავისი არსით ისეთი დარღვევაა, რომლის გავრცელებაც მოქმედი კანონმდებლობით 24 საათის განმავლობაში სრულად იკრძალება. აქედან გამომდინარე დაუშვებელია ის მხოლოდ არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენის მომხდენ გადაცემად იქნეს მიჩნეული, ვინაიდან რომელ საათზეც არ უნდა გავრცელდეს ომის პროპაგანდის შემცველი ინფორმაცია მაუწყებლის ეთერში ის ყოველთვის წინააღმდეგობაშია მაუწყებლობის შესახებ კანონის პრინციპებთან.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად „იკრძალება ომის ნებისმიერი სახით პროპაგანდა.“ ამასთან, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია ქცევის კოდექსის საფუძველზე შექმნას თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას. ხოლო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 591 მუხლის შესაბამისად, კანონის 56-ე მუხლით გათვალისწინებულ დარღვევებზე (გარდა 56-ე მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით (10.10.2009 N1/3/421,422) დადგენილი გამონაკლისი შემთხვევისა) რეაგირება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში, თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კი ამავე მუხლის (591) მე-2 პუნქტის თანახმად არ საჩივრდება არც სასამართლოში, არც კომისიაში და არც სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში“, – განმარტა კომუნიკაციების კომისიამ.

კომისია აღნიშნავს, რომ ომის პროპაგანდის დაყვანა მხოლოდ არასრულწლოვნებისთვის მავნე ზეგავლენის მომხდენ პროგრამამდე, წინააღმდეგობაში მოვა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის არსთან და პრინციპებთან.

ედუარდ მარიკაშვილი თავის საჩივარში ევრდნობოდა კომუნიკაციების კომისიის 2021 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებას, რომლითაც კომისიამ დანაშაულის გამართლების საფუძვლით, ტელეკომპანია „ალტ-ინფო“ სამართალდამრღვევად სცნო და 2500 ლარით დააჯარიმა. „ალტ-ინფოს“ გადაცემაში დადებითად იყო შეფასებული ძალადობა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით დანაშაულს განეკუთვნება.

მარიკაშვილის თქმით, რუსეთის ფედერაციის ქმედება დანაშაულებრივ ხასიათს ატარებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კონტექსტშიც. მან ერთ-ერთ არგუმენტად დაასახელა ის ფაქტიც, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 39 სახელმწიფოს, მათ შორის, საქართველოს მიმართვის საფუძველზე, რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების დროს ჩადენილ შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე გამოძიება დაიწყო.

ედუარდ მარიკაშვილმა კომუნიკაციების კომისიის გადაწყევტილების გამოცხადებამდე Facebook-ზე დაწერა: „საჩივრის მიღება-არმიღების საკითხი არ წყდება დღეს. დღეს უნდა გავიგოთ კომისია, როგორც კონსტიტუციური ორგანო, მიჰყვება რუსულ გემს „ალტ-ინფოსთან“ ერთად, თუ ცდილობს ნაპირზე დარჩენას“.

 

ამ თემაზე:

როგორ ამართლებს „ალტ-ინფო“ პუტინის მიერ უკრაინაში კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]