weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ექსპერტების შავი სია და უარი რუსეთის კრიტიკაზე - პირველი არხის რედაქტორებს ამხელენ

14:13 პარასკევი, 25 მარტი 2022

„რონდელის ფონდის“ ექსპერტების უმრავლესობა, განსაკუთრებით, ზურაბ ბატიაშვილი, რომელიც სრულიად უპარტიოა, ანალიტიკოსი და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია. ბუკა პეტრიაშვილი, თინა ხიდაშელი, ლაშა ბაქრაძე – ძირითადად, ისტორიულ, საბჭოთა კავშირზე გაკეთებულ სიუჟეტებზე ვწერდით.

ბოლო თვეებში დაბლოკილი იყო საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და უმაღლესი დონის ყოფილი დიპლომატი ეკა აკობია; კავკასიოლოგი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, სრულიად არაპარტიული ლელა ჯეჯელავა; დაბლოკილია ატლანტიკური საბჭოს ქართული წარმომადგენლობა - ბათუ ქუთელია ორჯერ ჩაწერა ჟურნალისტმა რუსულ პროპაგანდაზე და ორჯერვე შენიშვნა მიიღო“, – საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ყოფილმა რეპორტიორმა და გადაცემის „ახალი კვირა“ წამყვანმა იმედა დარსალიამ, დღეს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე იმ ექსპერტების ვინაობა დაასახელა, ვისი ჩაწერაც აკრძალული ჰქონდათ.

„ეს არის ერთი კონკრეტული ჟურნალისტისთვის გაკეთებული „შავი სია“ – საერთაშორისო ექსპერტების შავი სია, ასე დავარქვათ“, – აღნიშნა დარსალიამ.

მისივე თქმით, ექსპერტებთან ერთად, არხზე დაბლოკილი იყო გარკვეული თემების გაშუქებაც, მათ შორის, ჟურნალისტს, რომელიც საერთაშორისო საკითხებზე მუშაობდა, საბჭოთა კავშირის სამხედრო დანაშაულებზე მომზადებული სიუჟეტიც დაუბლოკეს.

„დაიბლოკა ბელარუსის აქციები ანალიტიკურ ჭრილში, ანუ არხის მენეჯმენტს არ უნდოდა, რომ ლუკაშენკოს რეჟიმისადმი სიუჟეტი კრიტიკული ყოფილიყო, რაც კატასტროფაა.

ასევე ჟურნალისტი გააფრთხილეს, რომ ეკრძალება რუსეთზე ცუდის დაწერა - როგორც ამერიკაზე არ უნდა დავწეროთ ცუდი, ისე რუსეთზე არ უნდა დავწეროთ, რადგან ვციტირებ: „ჩვენი მაყურებლის გარკვეული ნაწილი პრორუსია“.

ეს მხოლოდ ერთი ნაწილია და სხვა ჟურნალისტებთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით“, – განაცხადა იმედა დარსალიამ და იქვე თქვა, რომ ორი წლის განმავლობაში ანალიტიკურ გადაცემაში პოლიტიკა „ოფიციალურად იყო აკრძალული“.

„თუმცა არხის დირექტორთან მოლაპარაკებით, პოლიტიკა და სხვა პრობლემური საკითხები ეთერს დაუბრუნდა. ეს იყო მცირე, მაგრამ კარგი პერიოდი „ახალი კვირის“ გუნდისთვის. მეტნაკლებად გვიწევდა ბრძოლა კრიტიკული თემის ეთერში გასასვლელად. გასული წლის ბოლოს, 28 დეკემბერს, თათბირზე გვითხრეს, რომ გადაცემის წამყვანი აღარ ვიქნებოდი და გადაცემის ფორმატი იცვლებოდა. მიზეზად გვითხრეს, რომ გადაცემამ ამ ფორმატით თავი ამოწურა და ახალი ფორმატი იყო საჭირო. ვერ გავიგე მიზეზი, რატომ უნდა წავსულიყავი ეთერიდან“, - აღნიშნა დარსალიამ.

პრესკონფერენციას დახურული გადაცემის, „ახალი კვირის“ ჟურნალისტები, თამთა ჯანაძე და სოფო ზედელაშვილიც ესწრებოდნენ.

„მენეჯმენტი ცდილობდა სახელისუფლებო გუნდის, მმართველი პარტიიის წარმომადგენლების მიმართ კრიტიკული კომენტარები ან საერთოდ ამოეღო სიუჟეტიდან ან შეემოკლებინა ისინი.

 

ძალიან მიჭირდა კვირის მთავარ პოლიტიკურ, მწვავე თემებზე მუშაობა, რადგან გვეუბნებოდნენ, რომ კვირის განმავლობაში ეს იმდენად გადაიღეჭებოდა „მოამბის“ მიერ, აღარ იქნებოდა საინტერესო. ვგულისხმობ - ლუკა სირაძის საქმეს, სარალიძის საქმეს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საქმეს, ოპოზიციის აქციების თემებს.

იყვნენ არასასურველი რესპონდენტები, რომლებიც მენეჯმენტის წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც ვწერდით, მაგრამ ეს ნიშნავდა ხანგრძლივ კონფლიქტებს მენეჯმენტთან“, – განაცხადა ჯანაძემ და მის მიერ მომზადებულ რამდენიმე სიუჟეტზე ისაუბრა:

„გავაკეთე სიუჟეტი, რომელიც ეხებოდა საპრეზიდენტო არჩევნებში, მეორე ტურში ზურაბიშვილის გამარჯვებას.

გადაცემის გასვლამდე ამდენიმე წუთით ადრე გენერალური პროდიუსერი შემოვიდა სამონტაჟოში და ამოჭრა სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლების მიმართ ექსპერტების კრიტიკული კომენტარები და ცესკოს მონაცემებზე დაყრდნობით გაკეთებული გრაფიკა, საიდანაც ირკვეოდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 6 წლის მანძილზე მხარდამჭერთა იგივე პროცენტული რაოდენობა დაკარგა, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 9 წლის მანძილზე.

რამდენიმე თვის წინ, ოპოზიციამ წარადგინა „ჩრდილოვანი კაბინეტი“. თათბირზე შევთანხმდით, რომ ეს უნდა გაგვეშუქებინა. ჩავწერე რესპონდენტები, ფაქტობრივად სიუჟეტი ეთერში უნდა გასულიყო, მაგრამ წინა დღეს დამირეკა პროდიუსერმა და მითხრა, რომ ქრონომეტრაჟის უკმარისობის გამო, სიუჟეტი ეთერში ვერ გავიდოდა.

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ კვირის მთავარი პოლიტიკური თემა ეთერში ვერ გავიდოდა ქრონომეტრაჟის არასაკმარისობის გამო.

ერთ-ერთ სიუჟეტში მქონდა ექსპერტ ბექა კობახიძის მოსაზრება, რომელიც ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტს და კორცხელის ინციდენტს ერთმანეთს ადარებდა და ამბობდა, რომ ხელისუფლება შერჩევითი სამართლის მომხრეა. პროდიუსერი კატეგორიულად მთხოვდა ამომეღო ან შემემოკლებინა სინქრონი, რადგან მისთვის არარელევანტური აღმოჩნდა ეს შედარება“, – განაცხადა თამთა ჯანაძემ.

სოციალურ საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტმა, სოფო ზედელაშვილმა თქვა, რომ მისი რეპორტაჟები „ისეთი პირდაპირი გამადიდებლის ქვეშ არ ექცეოდა“, როგორც თამთა ჯანაძის შემთხვევაში, თუმცა შეუძლია კოლეგების ნათქვამი ყველა სიტყვა დაადასტუროს, რადგან თათბირებში ისიც მონაწილეობდა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ სახალხო დამცველს მიმართა იმედა დარსალიას, თამთა ჯანაძისა და სოფო ზედელაშვილის მიმართ შესაძლო დისკრიმინაციის და შრომით საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტების გამოვლენისა და დადგენის თაობაზე.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობა ყოფილი თანამშრომლების განცხადებებს ჯერ არ გამოხმაურებია. გადაცემა „ახალი კვირა“ 2022 წლიდან ეთერში აღარ გადის. გადაცემის ჟურნალისტების ერთმა ნაწილმა არხის ხელძღვანელობის მხრიდან ზეწოლა და საქმიანობაში ჩარევა რამდენიმე კვირის წინ უარყო.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]