weather cur horoscope tv
დეკემბერი 19, 2024

სოფელ დარჩელში „ალტ-ინფოს“ პარტიის ოფისიდან ბანერი ჩამოხსნეს და დაწვეს

11:27 სამშაბათი, 29 მარტი 2022

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში ძალადობრივი და პრორუსული ჯგუფის „ალტ-ინფოს“ მიერ დაფუძნებული პარტიის ოფისიდან მოქალაქეებმა ბანერი ჩამოხსნეს და დაწვეს.

„კონსერვატიულმა მოძრაობმა“ დარჩელში ოფისი 28 მარტს გახსნა, რასაც პროტესტი მოჰყვა. პარტიის ოფისთან ადგილობრივებთან ერთად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ზუგდიდის საკრებულოში მაია კალანდიაც მივიდა. ისინი „კონსერვატიული მოძრაობისთვის“ მიქირავებული შენობიდან ბანერის ჩამოხსნას ითხოვდნენ. მაია კალანდიას თქმით, კერძო საკუთრეებიც ვალდებულები არიან სახელმწიფო ინტერესები დაიცვან, „კონსერვატიული მოძრაობა“ კი ამ ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს.

„სხვაგან რომ ვხედავდი, ისე ვნერვიულობდი, ხმას ვერ ვაწვდენ მეთქი და ახლა, ჩემს სოფელში, ამას დავუშვებ? დავულეწავ სახლ-კარს, პირდაპირ ვამბობ, თუ გინდათ ჩამსვან ციხეში. ამათი საქციელი ჩვენთვის მიუღებელია“, – განაცხადა ნანა ახვლედიანმა ტელეკომპანია „ოდიშთან“.

„კარგად მახსოვს ის რეალობა, რაც იყო 1993 წლის შემოდგომაზე, როდესაც „მხედრიონმა“ ჩვენი სოფელი ნაცარტუტად აქცია. „მხედრიონმა“, რომელიც პირდაპირ რუსის დავალებას ასრულებდა. პუტინის რეჟიმმა გადაწყვიტა, რომ ჩვენს სოფელს კიდევ ერთხელ გაუსწოროს ანგარიში, რასაც არცერთი დარჩელელი არ დავუშვებთ. სანამ დარჩელში ცხოვრობს ის ხალხი, ვინც აფხაზეთის ომი გაიარა და „მხედრიონის“ ტყვიების ქვეშ იცხოვრა, ამას არ დაუშვებს“, – განაცხადა ირაკლი ხუფენიამ.

„ალტ-ინფოსა“ და „კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერებმა დარჩელში განვითარებული მოვლენები „ლიბერალების მორიგ თავდასხმად“ შეაფასეს და განაცხადეს, რომ „ჩეულებრივი ადამიანები“ მათ საქმიანობას არ აპროტესტებენ.

„ერთი ფაქტი, კადრი არ არსებობს, სადაც მართლა რაღაც სახალხო წინააღმდეგობა ჩანს ჩვენს მიმართ. ყველგან გამოდიან ან ასეთი გიჟი ნაცსექტანტები, ან ვიღაც ფემინისტები, ან პეტრეს სექტანტები. ფაქტი არ დაფიქსირებულა, რომ ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც არცერთ პარტიაში არ იმყოფება და თავისი აზრი აქვს, ჩვენთან მოსულიყო და პრეტენზია გამოეთქვა. ეს ყველაფერი კეთდება სურათისთვის, რომ აი, „კონსერვატიულ მოძრაობას არ გაახსნევინეს... სად არ გაგვახსნევინეს? ყველგან გვაქვს ოფისები და ვერც ვერავინ ვეღარაფერს ვეღარ გვეტყვის“, – განაცხადა გიორგი ქარდავამ.

„კონსერვატიულ მოძრაობას“ ოფისები აქვს ზუგდიდსა და მესტიაშიც. 17 მარტს, ზუგდიდის ცენტრში მდებარე ოფისი აქტივისტებმა უკრაინის დროშის ფერებში შეღებეს. მომხდარის გასაშუქებლად მისულ „მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფსა და ადგილზე მყოფ პირებს შორის დაპირისპირება მოხდა. არხის ინფორმაციით, ჟურნალისტ ემა გოგოხიას და ოპერატორს დაახლოებით 15 ადამიანი დაესხა თავს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ამის შემდეგ ფართის მესაკუთრემ განაცხადა, რომ „კონსერვატიული მოძრაობას“ ოფისს აღარ მიაქირავებდა. როგორც ის ამბობს, არ იცოდა, ვინ იდგა პოლიტიკური ორგანიზაციის უკან.

„ალტ-ინფოს“ მიერ დაფუძნებული პარტია რეგიონებში ოფისებს ერთმანეთის მიყოლებით ხსნის, რასაც, რიგ ადგილებში მოქალაქეთა პროტესტი სდევს თან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]